ახალი ამბები

ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი 500 000 ლარს მიიღებს, ბრინჯაოს მედალოსანი – 250 000 ლარს: ღარიბაშვილი

14 აგვისტო, 2021 • 935
ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი 500 000 ლარს მიიღებს, ბრინჯაოს მედალოსანი – 250 000 ლარს: ღარიბაშვილი

ქართველი სპორტსმენები, რომელთაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს,ფულად ჯილდოს მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა 14 აგვისტოს, ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი სიტყვებით, ვერცხლის მედლის მფლობელი 500 000 ლარს მიიღებს, ბრინჯაოს მედალოსანი კი- 250 000 ლარს. ამასთან, ცნობილია, რომ ოლიმპიური ოქროს მფლობელს სახელმწიფო 1 მილიონ ლარს გადასცემს.

“მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას – ექიმებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინ თქვენს გვერდით იდგა. მე კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადა 8 მედლით და 33-ე ადგილით დაასრულა. ქართველმა ოლიმპიელებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. 21 წლის ბექაურისთვის ეს პირველი ოლიმპიური ოქროა, ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რაც პირველად მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. ამასთან, ლაშა მესამე ქართველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ტოკიოში ვერცხლის პრიზიორები გახდნენ – ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ). ბრინჯაოს მედალი კი ანატოლი პლესნოიმ (ძალოსნობა, 96 კგ) მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი