ახალი ამბები

პრეზიდენტმა არჩევნების 2 ოქტომბერს დანიშვნის განკარგულება გამოსცა

2 აგვისტო, 2021 • 1605
პრეზიდენტმა არჩევნების 2 ოქტომბერს დანიშვნის განკარგულება გამოსცა

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ოფიციალური თარიღი ცნობილია. პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა, რომლი მიხედვითაც არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ამ არჩევნებს რეფერენდუმის დანიშნულებაც აქვს.

დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ხმათა 43%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

თუმცა “ქართული ოცნების” მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება ვადამდელი არჩევნების ბედს “ქართული ოცნების” “კეთილი ნების” იმედად ტოვებს.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ უარი, დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან “შეთანხმების მუდმივი დარღვევა”.

კობახიძემ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, – დოკუმენტისა, რომელიც ნატოს 2021 წლის კომუნიკეში ქვეყნისთვის საეტაპო მიღწევადაა მონიშნული, – “ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს”.

“ქართული ოცნების” “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული 2020 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა:

“მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს”.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ “ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში არის დამკვიდრებული”.

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი