ახალი ამბები

მიშელის შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, მომავალში გამორიცხულია მსგავსი შეთანხმება – კობახიძე

2 აგვისტო, 2021 • 1009
მიშელის შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, მომავალში გამორიცხულია მსგავსი შეთანხმება – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია არათუ 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდება, არამედ მსგავსი ტიპის შეთანხმებას არც მომავალში მოაწერს ხელს.

მისი თქმით, დღეს, 2 აგვისტოს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სწორედ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და მას ხელისუფლების პოზიცია გააცნეს.

“რაც შეეხება შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით და არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში მსგავსი ტიპის შეთანხმებას კიდევ ერთხელ მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების და აშშ-ის ელჩის მოწოდებას, რომ 19 აპრილის შეთანხმებას მიუბრუნდნენ, კობახიძე პასუხობს:

“ჩვენ არ მოგვისმენია მოწოდებები 100 დღის მანძილზე რადიკალური ოპოზიციის მიმართ.  4 ოპოზიციური პარტია არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტს, გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატების მეტს არ ჰქონდა ხელი  მოწერილი ამ დოკუმენტზე. მაშინ მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო, მიშელის დოკუმენტზე ამ პოლიტიკურ პარტიებს და დეპუტატებს მოეწერათ ხელი”, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ უარი, დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან „შეთანხმების მუდმივი დარღვევა“.

კობახიძემ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, – დოკუმენტისა, რომელიც ნატოს 2021 წლის კომუნიკეში ქვეყნისთვის საეტაპო მიღწევადაა მონიშნული, – „ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს“.

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი