ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რა საფასურს იხდიან ქალები თავისუფლებისთვის – კუბო აზერბაიჯანის შსს-სთან

30 ივლისი, 2021 •
რა საფასურს იხდიან ქალები თავისუფლებისთვის – კუბო აზერბაიჯანის შსს-სთან

ავტორი: გუნელ მევლუდი


რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა ფემინისტმა ქალებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს და შესასვლელ კართან დადგეს. კუბოზე იმ ქალების სახელები ეწერა, ვინც აზერბაიჯანში უკანასკნელი დღეების განმავლობაში კაცებმა – ყოფილმა ქმრებმა თუ პარტნიორებმა მოკლეს.

ქალების მკვლელობა ეჭვიანობის ან ოჯახში ძალადობის მიზეზით აზერბაიჯანში იშვიათი არასოდეს ყოფილა. ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ადგილობრივი პრესა გადავსებულია ახალი ამბებით მორიგი ფემიციდის შესახებ.

ბოლო რამდენიმე წელი ფემიციდი ქვეყანაში ფემინისტური მოძრაობის წყალობით მწვავე დისკუსიის საგანია, თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არც ეს დისკუსიებია საკმარისი.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ აზერბაიჯანის დედაქალაქში 9 ქალი მოკლეს. ყველა მათგანი მოკლა ქმარმა, ყოფილმა ქმარმა ან შეყვარებულმა.

16 ივლისს სასტუმროს ნომერში მოკლეს მომღერალი აიგუნ მირზოევა. მკვლელობის ფაქტი სასტუმროს კამერამაც დააფიქსირა, სადაც ჩანს, რომ მისი ყოფილი ქმარი ალი მირზოევი ქალს სასტუმროს ნომერში შეუვარდა, შემდეგ კი სასტუმრო მშვიდად დატოვა. როგორ აღმოჩნდა, ყოფილმა ქმარმა ქალს დანით 23 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იმის მიუხედავად, რომ ქალი დროულად იყო ჰოსპიტალიზებული, ის ვერ გადარჩა.

მომღერლის მკვლელობის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა, თუმცა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ მწირი განცხადებით შემოიფარგლა , რომ “კაცი დააკავეს”.

ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოკლეს კიდევ ერთი ქალი, მუბარაკ აგაევა. მკვლელი პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა. ყოფილმა შეყვარებულმა ქალი სახრახნისით მოკლა.

მესამე გახმაურებული მვკლელობა ზუსტად ერთი დღის შემდეგ მოხდა. ამჯერად მსხვერპლი ლუდმილა ტატაჩენკო იყო. მკვლელმა, რომელიც ქალის ყოფილი პარტნიორი იყო, სიცოცხლე იმავე დღეს თვითმკვლელობით დაასრულა.

მალევე ქვეყანა კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, ყველაზე გახმაურებული მკვლელობის მომსწრე გახდა. 24 ივლისს, სამი შვილი დედა, ხათირა ფარაჯოვა შუა ქუჩაში ქმარმა წამებით მოკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალი ქმართან დაშორებას ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა კაცი განქორწინების წინააღმდეგი იყო. მოწმეების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სასტიკი მკვლელობა დღისით, ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა, არავინ შეეცადა ჩარევას და ქალის გადარჩენას.

ხათირა ფარაჯოვას მკვლელობას სოციალურ ქსელებში მოჰყვა აზერბაიჯანელთა მწვავე განხილვები. აღმოჩნდა, რომ ქალმა მასზე და შვილებზე ძალადობის მოტივით არაერთხელ მიმართა პოლიციას და ახლობლებს. პოლიციას არცერთ შემთხვევაში რეაგირება არ ჰქონია და ყოველ ჯერზე პოლიციის თანამშრომლები ქალს პასუხობდნენ, რომ “ასეთი რამ ყველა ოჯახში ხდება”. შედეგად, ქალი დაუსჯელი აგრესიის მსხვერპლი გახდა.

რატომ იზრდება ქვეყანაში ფემიციდის რიცხვი და რატომ კლავენ ქალებს იმის გამო, რომ თანაცხოვრებაზე კაცებს უარს ეუბნებიან –  მიზეზს აზერბაიჯანელი ფემინისტი გუნელ მეჰტიევა ხელისუფლების უმოქმედობით ხსნის.

“იქამდე, სანამ ხელისუფლება სტამბოლის კონვენციას არ მიიღებს, სანამ ძალადობის მხვერპლ ქალებზე მზრუნველობას არ აიღებს საკუთარ თავზე, ასეთი მკვლელობები ყოველთვის იქნება. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ქალების მკვლელობა პოლიტიკური საკითხია”.

იურისტი რამილ სულეიმანოვი ფემიციდის მიზეზებს “განქორწინების კულტურაში” ხედავს. იურისტი მიიჩნევს, რომ კაცები ვერ იღებენ იმ ფაქტს, რომ ქალებს მათთან აღარ სურთ თანაცხოვრება და დაშორება უნდათ.

“კაცებს ბავშვობიდან ჩასჩიჩინებენ, რომ მეფეები არიან და ყველაზე ღირებული ქალების ცხოვრებაში. შესაბამისად, როდესაც მათი ცოლები სხვადასხვა მიზეზით განქორწინებას ითხოვენ, ვერ ეგუებიან ამ ფაქტს, დამცირებად აღიქვამენ და ცდილობენ ავნონ. კაცებს ეშინიათ იმის გააზრების, რომ მათი ყოფილი პარტნიორები შესაძლოა, სხვა კაცთან წავიდნენ”.

ბოლო წლებში ქვეყანაში განქორწინებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 2019 და 2020 წლებში განქორწინებების რიცხვი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში რეკორდული იყო [დაახლოებით, ათი ათასი], რაც კონსერვატიული მუსლიმური მოსახლეობისთვის მაღალი და, ამავე დროს, მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი