ახალი ამბები

მინდა ბებია და დეიდა ემიგრაციიდან ჩამოვიყვანო – ბექაური მოგებულ მილიონზე

29 ივლისი, 2021 • 4632
მინდა ბებია და დეიდა ემიგრაციიდან ჩამოვიყვანო – ბექაური მოგებულ მილიონზე

ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ამბობს, რომ ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედლისთვის გათვალისწინებულ მილიონ ლარს უპირველესად მოახმარს ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას.

ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას ბექაური იხსენებს, რომ მოგების შემდეგ პირველი მამას დაურეკა – „ჩემი ოცნება იყო [ოლიმპიადაზე გამარჯვება] და შოკში ვართ ჯერ ისევ, ვერ ვიჯერებ ბოლომდე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაში დახარჯავს ერთ მილიონ ლარს, რომელიც მას მოგებისთვის გადაეცემა, ბექაური პასუხობს:

„პირველ რიგში, ბებიაჩემი არის საბერძნეთში და დეიდაჩემი, იქ მუშაობენ. ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში, არ მინდა, რომ ემიგრაციაში იყვნენ… ისე ზოგადად, არ მიფიქრია, ეს ჩემი პირველი სურვილია“, – აცხადებს ის.

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ბექაური არის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი, ევროპის ახალგაზრდული თასის ჩემპიონი.

მის მიერ ფინალში მოპოვებული მედალი საქართველოს დელეგაციისთვის მესამეა. წინა ორი მედალიც ქართველ სპორტსმენებს ძიუდოში აქვთ მოპოვებული, ორივე ვერცხლი.

ფინალამდე ბექაურმა ჯამში 4 მოწინააღმდეგეს სძლია.

ოლიმპიური ჩემპიონი 1 მილიონს ლარს მიიღებს – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი