ახალი ამბები

“დროებით თავს ვიკავებ” – გეგმავს თუ არა დავით ბაქრაძე პარლამენტის დატოვებას

28 ივლისი, 2021 • 946
“დროებით თავს ვიკავებ” – გეგმავს თუ არა დავით ბაქრაძე პარლამენტის დატოვებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებით მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეიყვანა ქვეყანა უაღრესად საშიშ ბეწვის ხიდზე, საიდანაც “ყველა ერთად შეიძლება უფსკრულში გადავიჩეხოთ”.

მისი თქმით, მრავალთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ 19 აპრილის შეთანხმებამ შექმნა შესაძლებლობა, დასრულებულიყო კრიზისი, ქვეყანა გამოსულიყო უმწვავესი დაპირისპირების ფაზიდან, “ამუშავებულიყო პარლამენტი და ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებული რეფორმების და ნაბიჯების გზით წავსულიყავით წინ”.

“სამწუხაროდ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობა ოფიციალურად დაასრულა — ისედაც პოლარიზაციის და ძალადობის ჭაობში მყოფი ქვეყანა დადგა სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი, უმწვავესი საფრთხის წინაშე. არანაკლებ საგანგაშოა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ჩვენი ურთიერთობა ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან. ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას და გარდაუვლად მიაქანებს საქართველოს რუსეთისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველი სცენარია. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გაავლო გამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარესაც მარტო დარჩენილი მმართველი გუნდი და რუსული მომავლის საფრთხეა, ხოლო მეორე მხარეს ერთად უნდა ვიდგეთ ქართული საზოგადოება, ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თითოეული ჩვენგანის ვალია, არ დავუშვათ ჩვენს მეგობრებთან დაპირისპირების და დასავლური კურსიდან გადახვევის შესაძლებლობა”, — ნათქვამია დავით ბაქრაძის განცხადებაში.

დავით ბაქრაძის თქმით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან გაასმაგებული პასუხისმგებლობით და გონიერებით მოქმედება.

“რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ან ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება, მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს, და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს. ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, აუცილებელია ოპოზიციური ერთიანობა. აუცილებელია სრული თანხმობა ევროპელებთან და ამერიკელებთან, რათა მათ დაინახონ, რომ არასანდო და არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოს ჰყავს სანდო და პროდასავლური ოპოზიცია”, — აცხადებს ბაქრაძე და დასძენს, რომ უმოკლეს ვადებში ექნება კონსულტაციები პარტნიორებთან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობებს საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.

28 ივლისს „ქართულო ოცნების” ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. კონსულტაციები ოპოზიციურ პარტნიორებთან დააანონსა „ლელომ“ და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მზადყოფნა გამოთქვა.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას. ამასთნ, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და იგი “კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი”.

საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს და EU-ს მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის.

19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, “საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს”.
შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა, 19 აპრილის დოკუმენტის იმპლემენტაციისკენ საქართველოს მოუწოდებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

მაგალითად, ევროპის საპჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა (PACE) რიკ დაემსმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ თამაში და გადადების გარეშე აამოქმედონ შარლ მიშელის დოკუმენტი პრაქტიკაში. მისი თქმით, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, PACE არაფერ შუაშია 19 აპრილის დოკუმენტთან, თუმცა ევროკავშირი და ევროპის საბჭო იზიარებენ საერთო ფასეულობებს და “ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად პანევროპული საზოგადოების სრული წევრობისთის.”

19 აპრილის დოკუმენტი გახდა ნატო-ს კომუნიკეს ნაწილიც.

“ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და ყველა მხარეს მოვუწოდებთ მისი სრულად იმპლემენტაციისკენ. ეს შეთანხმება ნიადაგს უმზადებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტი ქვეყანის, პროგრესს წევრობისკენ მოსამაზადებელ გზაზე”, — ნათქვამია კომუნიკეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი