ახალი ამბები

შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება — PACE-ს პრეზიდენტი

27 ივლისი, 2021 • 2098
შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება — PACE-ს პრეზიდენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი რიკ დაემსი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაცია უმნიშვნელოვანესია პანევროპული საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე.

“შეყვიტეთ თამაში და პრაქტიკაში აამოქმედეთ შეთანხმება”, — მოუწოდა საქართველოში ვიზიტით მყოფმა დაემსმა პოლიტიკურ ძალებს.

“თქვენ ერთადერთი ქვეყანა არ ხართ რთული პოლიტიკური სიტუაციით. ნორმალურია, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით. ამას ჰქვია დემოკრატია. რაც მართალია, იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასეთი პოლარიზებული და პერსონალიზებულია”, — განაცხადა PACE-ს პრეზიდენტმა.

მან პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, პოლიტიკური საქმიანობა აქციონ მხოლოდ საქმედ და არ მიიღონ პიროვნულად.

“შეამცირეთ პოლარიზაცია, სცადეთ ისეთი საქმის კეთება, რაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის. პოლიტიკის დანიშნულებაა მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნა, ეს არის ევროპის საბჭოს საქმეც. სცადეთ დეპოლარიზაცია და მიუბრუნდით საქმეს. შეიძლება ეს პრესასაც ეხება ცოტა”, — განაცხადა რიკ დაემსმა და მედიასაც მოუწოდა, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას.

მან უმრავლესობას და ოპოზიციას მოუწოდა, ერთად იმუშაონ, მაგალითად, გენდერული თანასწორობის საკითხებზე და თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია, ამ თემაზე სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ.

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სრულიად მიუღებელია, რაც მოხდა.

“ეს ნათელია, მაგრამ კიდევ ერთელ საჭიროებს ხაზგასმას. ძალადობა ქუჩებში კონტროლირებული უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლებას  ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება და საკითხი ყოველთვის ამაში არ მდგომაროებს. მე მჯერა, რომ თუ გინდა დააფასო სიტყვის და პრესის თავისუფლება, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა პრესის მიმართ, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება უპასუხებს ამ საკითხს.  მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები დაკავებულები არიან და იმედი მაქვს, ყველაზე პატარა დეტალებამდე ჩაჰყვებიან, რატომ მოხდა ეს,  ვინ წაახალისა და რა მიზეზით. ეს არის ის, რაც აღარასდროს უნდა განმეორდეს”, — განაცხადა რიკ დაემსმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი