ახალი ამბები

შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის საერთო წერილი პოლიტიკურ შეთანხმებაზე

19 მაისი, 2021 • 1403
შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის საერთო წერილი პოლიტიკურ შეთანხმებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსზე“ ოპედი გამოაქვეყნეს, სადაც 19 აპრილის შეთანხმებას აფასებენ.

მათი მოსაზრებით, შეთანხმება გამარჯვებას წარმოადგენს ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის, ევროკავშირისა და ქართველი ხალხისთვის.

ოპედი ინგლისურ ენაზე 19 მაისს გამოქვეყნდა. „ნეტგაზეთი“ მის სრულ თარგმანს გთავაზობთ:


19 აპრილს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა, ევროკავშირის რამდენიმეკვირიანი მედიაციის შემდეგ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს ოპედი დაწერილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ — პირების, რომლებიც ამ მედიაციის ინიციატორები და მხარდაჭერები იყვნენ. ისინი ერთად განიხილავენ, თუ რას ნიშნავს შეთანხმება საქართველოსთვის, ევროკავშირისთვის და მხარეების ურთიერთობებისთვის.

30 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მას შემდეგ განაახლა ისტორიული მისწრაფება, კვლავ შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. 2004 წლიდან ევროკავშირმა გადადგა საპასუხო ნაბიჯები, რომლებითაც საქართველო ევროპასთან დააახლოვა — ქვეყანამ „ევროპული სამეზობლოდან“ (2004) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (2009) წევრ სახელმწიფომდე გადადგა ნაბიჯი. წინა ათწლეულში პროცესი აჩქარდა — ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას (2014), რომელიც ასევე ითვალისწინებდა თავისუფალ სავაჭრო ზონას; ხოლო 2017 წელს დასრულდა ვიზალიბერალიზაციის პროცესი — ქართველებს ევროკავშირში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ვიზები აღარ სჭირდებათ. კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს არნახულად ღრმაა. 1991 წელს, როდესაც საქართველო საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლდა, ასეთ მიღწევას ვერავინ წარმოიდგენდა.

თუმცა 2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკური ჩიხში შევიდა. ფარულმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყო. მიუხედავად ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლების მცდელობებისა, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. 2020 წლის შემოდგომაზე რეგიონის სტაბილურობისთვის გამოწვევად იქცა კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რის ფონზეც საქართველოს დემოკრატიისა და სტაბილურობის კონსოლიდაცია აუცილებელი გახდა. საქართველოს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თბილისს ევროკავშირის მედიაცია შესთავაზა. დიალოგი განახლდა პირველ მარტს, როდესაც იგი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.

ჩვენ — საქართველოს პრეზიდენტს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს — გვსურს, გამოვხატოთ კმაყოფილება მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამ შეთანხმებამ ბოლო მოუღო კრიზისს, რომელსაც შეეძლო ბოლო ათწლეულებში მიღწეული დემოკრატიული განვითარების შეფერხება და ევროპულ გზაზე საქართველოს პროგრესის შესუსტება. დიალოგით, ლიდერობითა და კომპრომისით პოლიტიკურმა ლიდერებმა ქვეყნის საკეთილდღეოდ გვერდზე გადადეს უთანხმოებები. ეს ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით გაკეთდა და რეგიონში საქართველოს, როგორც წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოს, იმიჯი აღადგინა. პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობა კი უნდა შენარჩუნდეს. მოვუწოდებთ ყველას, შეასრულო თავიანთი დანაპირები.

ეს შეთანხმება გამარჯვებაა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ევროკავშირისთვის.

გამარჯვება საქართველოს მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის

ევროპული მხარდაჭერით, შეთანხმება გააღრმავებს საქართველოს ინსტიტუტების რეფორმებს. საარჩევნო პროცესი უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი იქნება, ხოლო სასამართლო სისტემის რეფორმამ უნდა დაასრულოს მართლმსაჯულების პოლიტიზებულად აღქმა.

ძალაუფლების განაწილების პროცედურები საქართველოს პარლამენტს ერთ-ერთ ყველაზე პლურალისტურად აქცევს. ეს ცვლილებები არა მარტო საქართველოს დემოკრატიას გახდის უფრო მოძრავს, არამედ უზრუნველყოფს, რომ რეფორმები უფრო ინკლუზიური და სიცოცხლისუნარიანი იყოს.

გამარჯვება ქართველი ხალხისთვის

პარტიული დაპირისპირებების შემდეგ, ფოკუსი გადავა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას — პანდემიასთან და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავება; სტაბილურობის შენარჩუნება; მომავალში ინვესტირება. ქართველებმა ნახეს, რომ ისინი კრიზისის დასაძლევად მარტო არ შრომობდნენ. დღემდე, ევროკავშირი არის საქართველოს უმსხვილესი დონორი 200 მიმდინარე პროექტით, რომელთა ბიუჯეტი 500 მილიონი ევროა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა ეკონომიკურ განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში 1.85 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა და ეს სრული სიაც კი არ არის.

ევროპიდან კიდევ უფრო საგრძნობი მხარდაჭერა კიდევ წინაა. შეთანხმება, სათაურით „გზა წინ, საქართველოსთვის“ კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც პოსტკოვიდური აღდგენის შედეგებს შეამსუბუქებს; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი.

გამარჯვება ევროკავშირისთვის

ევროკავშირს შეუძლია იმედი ჰქონდეს სტაბილური და პროევროპული პარტნიორის იმ რეგიონში, რომელიც ევროპის ღირებულებებისთვის, უსაფრთხოებისთვის და დაკავშირებულობისთვის აუცილებელია. რეგიონში ბალანსის ხელახალი დადგენის ფონზე, საქართველო მნიშვნელოვანია, როგორც აქამდე არასდროს.

იმის გათვალისწინებით, რომ სასწორზე საერთო ინტერესები დგას, ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ უფრო უნდა გააღრმაონ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და გააძლიერონ თანამშრომლობა. ბილატერულ დღის წესრიგთან ერთად, ვიმუშავებთ გაღრმავებული და განახლებული „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“, რომელიც გააფართოებს თანამშრომლობის სივრცეს, გაზრდის ევროკავშირის მხარდაჭერას და დააახლოებს ადამიანებს. ამასთან ერთად, ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების სპეციალური ურთიერთობის აღსანიშნავად, გამოვდივართ ინიციატივით, შემდგომ თვეებში ჩატარდეს ლიდერთა შეხვედრა, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად.

რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, არ არის რეაგირების იმაზე უკეთესი გზა, როგორიც ევროპამ და საქართველომ აჩვენეს. ერთ მხარეს გვაქვს ევროპის მიერ პატარა, მაგრამ ცოცხალი დემოკრატიისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილების მტკიცე მხარდაჭერა. მეორე მხარეს კი არის საქართველოს სურვილი, შეუჩერებლად იაროს მის მიერ არჩეულ გზაზე ევროატლანტიკური მომავლისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი