ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ  მიშელის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

ამის შესახებ მან დღეს, 8 ნოემბერს, ბუდაპეშტში  ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მიმდინარეობისას მედიასთან განაცხადა.

როგორც შარლ მიშელმა განაცხადა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საკითხს ევროპულ საბჭოში შეაფასებენ და ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან.

„[საქართველოში] ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით  სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს სერიოზულ გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესის შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.