ახალი ამბები

ზურა ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

28 ივლისი, 2021 •
ზურა ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებიდან მას შემდეგ გავიდა, რაც მისი ყველა პუნქტი დაარღვია.

ჯაფარიძის თქმით, მმართველმა პარტიამ ეს მხოლოდ ერთი მიზეზით გააკეთა – დაინახა, რომ 43%-ს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ აიღებდა:

“ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – დაინახა, რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ, გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი. დაარღვია მიუხედავად იმისა რომ მარკერით უხაზავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე. აპელირება იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა.

ეს შეთანხმება არ დადებულა “ნაციონალური მოძრაობისთვის”, ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალზე”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებას ფასი არ გააჩნია და პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს:

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესენი არიან მატყუარები, ესენი არიან გადამგდებები. მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი ზუსტად ისე, როგორც კრემლთან. მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემ მიერ აღებული ვალდებულება, არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება.

იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს,. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ, რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად. როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის” ,- ამბობს ზურა ჯაფარიძე.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას. ამასთნ, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და იგი “კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი”.

საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს და EU-ს მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის.

19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, “საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს”.
შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა, 19 აპრილის დოკუმენტის იმპლემენტაციისკენ საქართველოს მოუწოდებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

მაგალითად, ევროპის საპჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა (PACE) რიკ დაემსმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ თამაში და გადადების გარეშე აამოქმედონ შარლ მიშელის დოკუმენტი პრაქტიკაში. მისი თქმით, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, PACE არაფერ შუაშია 19 აპრილის დოკუმენტთან, თუმცა ევროკავშირი და ევროპის საბჭო იზიარებენ საერთო ფასეულობებს და “ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად პანევროპული საზოგადოების სრული წევრობისთის.”

19 აპრილის დოკუმენტი გახდა ნატო-ს კომუნიკეს ნაწილიც.

“ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და ყველა მხარეს მოვუწოდებთ მისი სრულად იმპლემენტაციისკენ. ეს შეთანხმება ნიადაგს უმზადებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტი ქვეყანის, პროგრესს წევრობისკენ მოსამაზადებელ გზაზე”, — ნათქვამია კომუნიკეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი