ახალი ამბები

ჰოჯესი: აშშ და NATO აცნობიერებენ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას

27 ივლისი, 2021 • 1915
ჰოჯესი: აშშ და NATO აცნობიერებენ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას

ბენ ჰოჯესის, აშშ-ის არმიის გენერალ-ლეიტენანტის (გადამდგარი), ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მთავარსარდლის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და NATO-ში შავი ზღვის რეგიონის მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას აცნობიერებენ.

„ნეტგაზეთი“ ჰოჯესს სხვადასხვა საკითხზე — 5 ივლისის მოვლენებზე, რუსეთის გავლენებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და საქართველოთი და სამხრეთ კავკასიათი აშშ-ის დაინტერესებაზე ესაუბრა.

ჰოჯესი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ავღანეთში NATO-ს მისია დასრულდა, საქართველოს შეუძლია:

  1. გახდეს მასპინძელი ქვეყანა NATO-ს ან/და აშშ-ის და სხვა ქვეყნების სამხედრო წვრთნებისთვის;
  2. შესთავაზოს ალიანსს ოფიცრების წარმომადგენლობა, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა შტაბბინაში.

თავის მხრივ, NATO-მ „უნდა მიიწვიოს საქართველოს სამხედროები Enhanced Forward Presence (EFP) შენაერთებში“, დასძენს ჰოჯესი.

ამასთან ერთად, იგი ამბობს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს აშშ-მა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში ინტერესი დაკარგა. თუმცა ამბობს, რომ საქართველო უკრაინასთან, თურქეთთან და რუმინეთთან ერთად უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდეს ალიანსის წევრთა დედაქალაქებში და უფრო მიმზიდველნი გახდნენ დასავლური და ამერიკული ბიზნესისთვის:

„ვგრძნობ, რომ აშშ-ში და NATO-ში იაზრებენ შავი ზღვის რეგიონის მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას. ამის მაგალითია ყველაზე ფართომასთაბიანი წვრთნები Sea Breeze.

თუმცა საქართველო უკრაინასთან, თურქეთთან და რუმინეთთან ერთად უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდეს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ლონდონსა და ბერლინში, რათა რეგიონისდამი ყურადღება მიიზიდოს.

გარდა ამისა, ამ ქვეყნებმა, განსაკუთრებით საქართველომ, უკრაინამ და აზერბაიჯანმა, საკუთარი თავი უფრო მიმზიდველი უნდა გახადონ დასავლური და ამერიკული ბიზნესისთვის. მეტი ინვესტიციის გამო მთავრობები მეტ ყურადღებას დაუთმობენ უსაფრთხოების გარემოს. რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო რამ, რისი დანახვაც კრემლს საქართველოში, აზერბაიჯანსა თუ უკრაინაში სურს“, — ამბობს ჰოჯესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი