ახალი ამბები

ჰოჯესი: ვეჭვობ, ქართველთა 5%-იც კი უჭერდეს მხარს ჟურნალისტების ცემას

27 ივლისი, 2021 • 2702
ჰოჯესი: ვეჭვობ, ქართველთა 5%-იც კი უჭერდეს მხარს ჟურნალისტების ცემას

ბენ ჰოჯესის, აშშ-ის არმიის გენერალ-ლეიტენანტის (გადამდგარი), ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მთავარსარდლის განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ „ქართველთა 95% [„თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღირსების] მარშის წინააღმდეგი იყო“, ისევე როგორც ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართველთა 5%-იც კი მხარს უჭერდა ხელისუფლების დავალებით ჟურნალისტების ცემას“.

„ნეტგაზეთი“ ჰოჯესს ესაუბრა სხვადასხვა საკითხზე — 5 ივლისის მოვლენებზე, რუსეთის გავლენებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და საქართველოთი და სამხრეთ კავკასიათი აშშ-ის დაინტერესებაზე.

მისი თქმით, „ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი ქვეყანა სურთ — სადაც პატივს სცემენ ინდივიდს, გამჭვირვალე მთავრობაა და ესმით თავისუფალი მედიის ღირებულება, თუ ქვეყანა, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკას ჰგავს“.

ჰოჯესი აგრეთვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „პროპაგანდისტულ „პრაიდს“ 95% ეწინააღმდეგება“. როგორც იგი ამბობს, ეჭვი ეპარება, რომ „ქართველთა 95% ამ მარშის წინააღმდეგ იყო“, ისევე როგორც ეჭვი ეპარება იმაში, რომ „5 პროცენტიც კი მხარს უჭერდა ხელისუფლების დავალებით ჟურნალისტების ცემას“.

მან აგრეთვე დაამატა, რომ „ლიბერალურ დემოკრატიას აქვს კანონები, რომელიც უმცირესობათა აზრსაც იცავს და მნიშვნელოვანია არა მარტო უმრავლესობის სურვილი, არამედ ინდივიდუალური თავისუფლებაც“.

ამასთან ერთად, ჰოჯესი მიიჩნევს, რომ მომხდარი „პირდაპირ კრემლის ინტერესებს ემთხვევა“.


იხილეთ აგრეთვე:

მასალების გადაბეჭდვის წესი