ახალი ამბები

რატომ არ არის გასახურებელი თამბაქო სიგარეტის უსაფრთხო ალტერნატივა

1 ივლისი, 2021 • 3396
რატომ არ არის გასახურებელი თამბაქო სიგარეტის უსაფრთხო ალტერნატივა

შესაძლებელია თუ არა გასახურებელი თამბაქოს სისტემის უკეთეს ალტერნატივად და მწეველთათვის მიყენებული ზიანის შემცირების საშუალებად განხილვა? თამბაქოს პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი ირწმუნება, რომ კი, ეს შესაძლებელია. თუმცა, რადიკალურად განსხვავებულია როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დამოკიდებულება.

დისკუსია კვლავ გააქტიურდა მიმდინარე კვირაში, როდესაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიასთან, “ფილიპ მორისთან” თანამშრომლობით ზიანის შემცირების საკითხზე კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიებაზე გასახურებელი თამბაქოს საკითხიც განიხილეს.

კომპანია და ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქტივობების მიზანი მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი დისკუსიაა, რომელსაც რიგი უწყებები და ორგანიზაციები ხელს უშლიან. სახელმწიფო და თამბაქოს მკაცრი კონტროლის მომხრეები კი საუბრობენ კონკრეტული პროდუქციის პოპულარიზაციის მცდელობაზე, რასაც დაინტერესებული მხარე ალტერნატივებზე მსჯელობის სახელით ფუთავს.

როგორ დაიწყო დისკუსია?

24-25 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციამ “სოციალური კვლევების ცენტრი” თამბაქოს მწარმოებელ კომპანიასთან, “ფილიპ მორისთან” თანამშრომლობით სოფელ წინანდალში ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „თამბაქოს ზიანის შემცირება – საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობა თუ გამოწვევა“.

“მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტი რეპუტაციული ჯანდაცვის ინსტიტუტი იზიარებს თამბაქოს ზიანის შემცირების კონცეფციას და იმ მწეველებს, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, სთავაზობენ პოტენციურად ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატივებს, რადგან ამ მიდგომას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სასარგებლოდ მიიჩნევენ”, — ამბობს კომპანია.

“ალტერნატივებს” შორის “ფილიპ მორისი” ასახელებს ისეთ მოწყობილობებს, რომელთა მოხმარების პირობებშიც თამბაქო ხურდება, თუმცა არ იწვის.

“…გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი მოწევის უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ სიგარეტის მოწევის შეწყვეტას”, — დასძენს ის.

კომპანია თავადაც აწარმოებს ხსენებულ პროდუქტებს, მათ შორის, გასახურებელი თამბაქოს სისტემას, მარკეტინგული სახელწოდებით IQOS. მოწყობილობის მომხმარებელი სიგარეტის კვამლის ნაცვლად ნიკოტინის შემცველ აეროზოლს ჩაისუნთქავს.

“სოციალური კვლევების ცენტრმა” 18 ივნისს გამოქვეყნებული პრესრელიზით ღონისძიებაზე საჯაროდ მიიწვია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და იქვე აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია “სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მანიპულაციებით”, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ “თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ კონსტრუქციულ და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილ დისკუსიებს…”

“[ეს] მაშინ, როცა [ეს ორგანიზაციები და უწყებები] მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის პოლიტიკის გატარებით, ახდენენ მიდგომის – „შეწყვიტე მოწევა ან მოკვდი“ პოპულარიზაციას, ემუქრებიან განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებს და შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოსახლეობა”, — თქვა “სოციალური კვლევების ცენტრმა”.

“ღონისძიება ემსახურება თამბაქოს ახალი ნაწარმების პოპულარიზაციას”

ხსენებული ღონისძიების ჩატარებას უკმაყოფილება მოჰყვა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე თამბაქოზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნების მომხრე აქტივისტთა შორის.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი”(NCDC) კატეგორიულად ეწინააღმდეგება გასახურებელი თამბაქოს განხილვას უკეთეს ალტერნატივად და ხაზს უსვამს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების თანახმად, მოწევის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის გამოყენებაზე სრული უარის თქმა.

“თამბაქოს ინდუსტრიას ახალი პროდუქტები შემოაქვს არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპების განსახორციელებლად, არამედ საკუთარი მოგების მისაღებად”, — დასძენს NCDC და აღნიშნავს იმასაც, რომ ზემოხსენებულ კონფერენციაზე მოწვევა ორგანიზაციის არც ერთი თანამშრომელს მისვლია.

უწყების თქმით, ზემოხსენებული კონფერენცია არა სამეცნიერო დისკუსიას, არამედ “ფილიპ მორისის” ახალი პროდუქტის, ამ შემთხვევაში, გასახურებელი თამბაქოს პოპულარიზაციას ემსახურებოდა “იმ გზით, რომ თითქოს იგი ნაკლებად მავნებელია ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით და თითქოს ის წარმოადგენს თამბაქოს ზიანის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას”.

NCDC-მ მოუწოდა საზოგადოების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ “მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისაგან, მონაწილეობისა და ხელშეწყობისაგან”.

ასე ფიქრობს ორგანიზაცია “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძეც, რომელმიც 24-25 ივნისის კონფერენციაზე მივიდა და ადგილზე დააფიქსირა თავისი პოზიცია, შემდეგ კი ბრიფინგი გამართა და ორგანიზატორები კანონდარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ღონისძიება თამბაქოს მწარმოებლის მიერ იყო “დასპონსორებული”, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან თამბაქოს პოპულარიზაციისა და დარეკლამების აკრძალვის შესახებ.

გიორგი ბახტურიძე ფოტო: სქრინი პორტალ “კვირას” ვიდეოდან

მეტიც, ბახტურიძემ თქვა, რომ მსგავსი ღონისძიებები “მარკეტინგული ხრიკია”, რომლითაც  “ფილიპ მორისი” ცდილობს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თავისი ახალი პროდუქტით დააინტერესოს.

“ჩვენი მოწოდება იყო სამედიცინო პერსონალისადმი, რომ ამ მანიპულაციებს, შეცდომაში შემყვან სტრატეგიებს, მარკეტინგულ ხრიკებს, არ წამოგებულიყვნენ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, რომ არ მოხდეს ამ კუთხით ჩვენი საზოგადოების გაყოფა და მასში განხეთქილების შეტანა, რაც თამბაქოს ინდუსტრიის მიზნებსა და ამოცანებში შედის”, — აღნიშნა მან.

აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ “სოციალური კვლევების ცენტრში”. ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ ღონისძიება თამბაქოს მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობით შედგა და ეს იყო ერთობლივი პროექტის ნაწილი, რომლის “მიზანია თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლებლობების და გამოწვევების განხილვა, როგორც ქვეყნის ჭრილში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით”.

თუმცა, ორგანიზაციის დამფუძნებელი შორენა ჭოხონელიძე “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ წერილობით კომენტარში ხაზგასმით დასძენს, რომ:

“აღნიშნული თანამშრომლობა არ ითვალისწინებს ფილიპ მორისის კონკრეტული ბრენდის, ასევე კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაციას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგანიზებული თითოეული ღონისძიების/აქტივობის დაგეგმვა და ადმინისტრირება ხორციელდება სოციალური კვლევების ინსტიტუტის მიერ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ”.

ჭოხონელიძის თქმით, ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სამედიცინო სფეროს, ისე მედიის წარმომადგენლები. ის უარყოფს ბრალდებას შესაძლო კანონდარღვევაზე და აცხადებს, რომ ორგანიზაციის ყველა ქმედება სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული.

შორენა ჭოხონელიძე ფოტო: სქრინი "ტვ პირველის" ვიდეოდან

ხსენებულ კონფერენციაში მონაწილეობდა “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, რომელიც თავის რიგებში “ფილიპ მორისსაც” აერთიანებს. ორგანიზაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორის მსგავსად დასძენს, რომ კონფერენცია არ ემსახურებოდა ბრენდის ან თამბაქოს რომელიმე პროდუქტის პოპულარიზაციას.

“აქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ მოდით, ხალხო, IQOS მოწიეთ, რა კარგია… ყველა გამომსვლელი ხაზს უსვამდა, რომ თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტი არის ზიანის მომტანი ჯანმრთელობისთვის. უბრალოდ, ზოგიერთი პროდუქტი მეტად დამაზიანებელია, ზოგიერთი — ნაკლებად.

ამ შეხვედრის მიზანი ეს იყო, რომ ვისაუბროთ. იქ ვინმე კი არ ეუბნებოდა ვინმეს, რომ კონკრეტული თამბაქოს ნაწარმი მოიხმარეთ ან არ მოიხმაროთო… როგორ შეიძლება, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გირჩიოთ, რომ თამბაქოს ნაწარმი მოიხმარეთ, ეს კარგიაო?” — უთხრა ნანუაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ვინ როგორ ასაბუთებს გასახურებელი თამბაქოს ავკარგიანობას?

როგორც კომპანიას, ისე NCDC-სა და სხვებს, აქვთ თავიანთი არგუმენტები, რომლებითაც ცდილობენ, გასახურებელი თამბაქოს შესახებ თავიანთი მოსაზრებები დაასაბუთონ.

“ფილიპ მორისი” იზიარებს მიდგომას, რომ საუკეთესო არჩევანი მოწევის სრულად შეწყვეტაა, თუმცა აქვე დასძენს, რომ ბევრი ადამიანი ამას არ აკეთებს.

“რატომ არ შეიძლება სიგარეტთან შედარებით ნაკლებად მავნებელი ალტერნატივის შეთავაზება იმ ზრდასრული მწეველებისათვის, რომლებიც არ წყვეტენ მოწევას? ეს ხომ საღი აზრია. მაგრამ საღი აზრი, ხანდახან, იჩრდილება იდეოლოგიების მიერ”, — უთხრეს კომპანიაში “ნეტგაზეთს”.

გასახურებელი თამბაქოზე, როგორც “ნაკლებად მავნებელ ალტერნატივაზე” საუბრისას, კომპანიას ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე რამდენიმე გავლენიანი უწყებისა და ორგანიზაციის პოზიციებით მოჰყავს.

ერთ-ერთია ამერიკის წამლის სააგენტოს(FDA) დასკვნა, რომელმაც 4-წლიანი განხილვის შემდეგ, 2020 წელს, “ფილიპ მორისის” მიერ წარმოებული გასახურებელი თამბაქოს სისტემას (IQOS) “მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის” (MRTP) ავტორიზაცია მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებით ორგანიზაციამ მწვანე შუქი აუნთო IQOS-ის მარკეტინგს შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით:

  • IQOS-ის სისტემა ათბობს თამბაქოს, თუმცა არ წვავს მას.

  • ეს მნიშვნელოვნად ამცირებს საშიში ან პოტენციურად საშიში ქიმიკატების წარმოქმნას.

  • სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივი სიგარეტიდან მთლიანად IQOS-ზე გადასვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას.

სააგენტო დასძენს, რომ კვლევების თანახმად, სიგარეტის კვამლთან შედარებით, IQOS-ის აეროზოლები პოტენციური კარცეროგენებისა და ტოქსიკური ქიმიკატების მეტად მცირე რაოდენობას შეიცავს.

მეორე მხრივ, FDA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ეს პროდუქტი არც უსაფრთხოა და არც “FDA-ის მიერ ავტორიზებულის” სტატუსი აქვს. სწორედ აღნიშნულზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის კრიტიკულ განცხადებაში “ფილიპ მორისის” მიმართ.

“ის რომ ამ ნაწარმში მოდიფიცირებულია მავნე ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაცია, არ ნიშნავს, რომ მწარმოებელი უფლებამოსილია, ისეთი განცხადებები გაავრცელოს, რაც მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს, აფიქრებინებს, რომ ეს ნაწარმი FDA-ს მიერ არის რეკომენდებული”, — ამბობს NCDC.

FDA-ის მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებას მაშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გამოეხმაურა. WHO-ს პოზიცია გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მიმართ შედარებით უფრო ხისტია. კერძოდ, ორგანიზაცია ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დასძენს:

“ჯანმო იმეორებს, რომ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებში (HTP) მავნე ქიმიკატების ზემოქმედების ნაკლებობა არ აქცევს მათ უსაფრთხოდ და არც ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცირებას გულისხმობს.

HTP-ს აეროზოლებში ზოგიერთი ტოქსინი იმაზე მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის კვამლში და ასევე არებობს ზოგიერთი დამატებითი ტოქსინი, რომელიც წარმოდგენილია HTP-ს აეროზოლებში და არ არის წარმოდგენილი ჩვეულებრივი სიგარეტის კვამლში. ჯანმრთელობაზე მათი ზემოქმედების შედეგები უცნობია.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეიძლება დაზიანდეს ჯანმრთელობა HTP-ს გამოყენებისას, დამატებითი ტოქსინებით, მტკიცება, რომ HTP ამცირებს მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით, შესაძლოა, შეცდომაში შეყვანა იყოს”.

როგორ უნდა რეგულირდებოდეს გასახურებელი თამბაქო?

გასახურებელი თამბაქოს, როგორც ალტერნატივის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ უნდა არეგულირებდეს საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნულ პროდუქტს.

ამჟამად კანონი პრაქტიკულად ერთნაირად არეგულირებს როგორც ჩვეულებრივ, ისე ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნული პოლიტიკა მოსწონთ. თუმცა, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” არ მიესალმება ასეთ მიდგომას, დასძენს რა, რომ ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ისედაც მცირე ბაზარს.

სწორედ ამიტომ მიმართა ორგანიზაციამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით რამდენიმე კვირის წინ.  ასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადების მიზანი ქართული კანონმდებლობის დაახლოებაა ევროკავშირის 2014 წლის დირექტივასთან, რომელიც თამბაქოს კონტროლს ეხება.

ნიკა ნანუაშვილი

“ეს [საკანონმდებლო წინადადება] ადგენს, მაგალითად, ეტიკეტირების ნაწილში, გამაფრთხილებელი წარწერა თამბაქოს ამ ნაწარმის შეფუთვაზე რამდენ პროცენტს უნდა იკავებდეს. ევროკავშირის დირექტივით ეს არის 30%, ჩვენი კანონმდებლობა კი 2022 წლიდან 60%-ს ითვალისწინებს. ამის ახსნა არ არსებობს.

მეორე, პიქტოგრამა [ნახატი თამბაქოთი გამოწვეული პოტენციური ზიანის შესახებ] უნდა იყოს თუ არა გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე. ევროკავშირში ამას არ ითხოვენ. ჩვენ, რატომღაც, უნდა მოვითხოვოთ.

ევროკავშირშია დაშვებული მაგალითად ის, რომ გასახურებელი თამბაქო შემიძლია შევიძინო ინტერნეტით ან ფოსტით. ჩვენთან ეს აკრძალულია”, — ეუბნება იურისტი “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებამ მოიტანა ის, რომ “ზუსტად იგივე პროპორციით იმატებს კონტრაბანდა და თუთუნი. ლამის ნახევარი ქვეყანა შესახვევ თუთუნზე ზის”. თავის მხრივ, კომპანია “ფილიპ მორისი” ამბობს, რომ რეგულირების პოლიტიკის მიუხედავად, “დღეს საქართველოში 800 000 ზრდასრული მწეველია და ეს რიცხვი უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად უცვლელი რჩება”.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში არც კანონმდებლობის ლიბერალიზებას ემხრობიან და არც კომპანიის მტკიცება მიაჩნიათ მართებულად, რომლის თანახმადაც ზრდასრულ მწეველთა რიცხვი თითქმის უცვლელია.

“ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ 2016 წელს მწეველობის პრევალენტობა საქართველოში 31% იყო, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 28.2%-მდე შემცირდა.

ასევე შემცირდა ყოველდღიურად მოწეული ღერების რაოდენობა 21.4 ღერიდან 18.6 ღერამდე4 . შესაბამისად, მწეველობის მაჩვენებელს საქართველოში კლებადი ტენდენცია აქვს!” — დასძენს NCDC.

NCDC-ს არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ საქართველოს კანონმდებლობა წესრიგშია და მართებულია მიდგომაც, თამბაქოს ყველა პროდუქტი ერთნაირად იყოს განხილული.

“ის არგუმენტი, რომ [კანონმდებლობის ეს ნაწილი] ევროკავშირთან უნდა იყოს მწყობრში… საქართველო არის საქართველო და ზოგ რამეში, შეიძლება, ევროკავშირზე უფრო ადრე მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები. ეს არის ცალსახად ძალიან არამყარი არგუმენტი და რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები”, — დასძენს ის “ბიზნეს ასოციაციის” საკანონმდებლო წინადადებაზე საუბრისას.

ლელა სტურუა ფოტო: სქრინი "ტვ იმედის" ვიდეოდან

“ნეტგაზეთმა” სტურუას ჰკითხა, რას სთავაზობს სახელმწიფო იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ მოწევაზე თავის მარტივად დანებება და მიმართავენ ისეთ საშუალებებს, როგორებიც ელექტრო სიგარეტი ან გასახურებელია თამბაქოა. მისი თქმით, თავის დანებების საშუალებები არსებობს, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ “ძალიან ბევრია”.

“არსებობს თამბაქოზე თავის დანებების ცხელი ხაზი (116 991); არსებობს თამბაქოზე თავის დანებების ხელშემწყობი მობილური აპლიკაცია “თავს ვანებებ”, რომელიც ამერიკის კიბოს ინსტიტუტის აპლიკაციის ანალოგი გახლავთ, და ყველაზე ეფექტური აპლიკაციაა მსოფლიოში…

გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ცენტრ “კოგნიტასთან” და თამბაქოზე თავის დანებების სერვისის განვითარებას ვახდენთ. პირველადი ჯანდაცვის ექიმებიდან ბევრია გადამზადებული თამბაქოზე თავის დანებების კონსულტირებაში.

მედიკამენტებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არის, თუმცა იმედი მაქვს, ახლო მომავალში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც იქნება მნიშვნელოვნად გაზრდილი”, — აღნიშნავს ის.

მიუხედავად გასახურებელი თამბაქოს მწარმოებლის განცხადებისა, რომ ეს პროდუქტი “მოწევის უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს”, თავად IQOS-ის ვებსაიტზე მოცემულია ინფორმაცია პროდუქციის პოტენციური მავნე ზეგავლენის შესახებ. კერძოდ:

გასახურებელი თამბაქო შეიცავს ნიკოტინს, რამაც იცის მიჩვევა (ადიქცია), ასევე ზოგიერთ მომხმარებელში იწვევს გულ-მკერდის ტკივილს, ხველებას, სუნთქვის გაძნელებას, პირისა და ყელის გამოშრობას, გინგივიტს, გულისრევას და ა.შ. გარდა ამისა, ნიკოტიტინის შემცველი პროდუქცია არ უნდა მოიხმარონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გულის დაავადებების მომეტებული რისკი, დიაბეტი, ან ეპილეფსია. გასახურებელი თამბაქოს მოხმარება დაუშვებელია ორსულობისა და ძუძუთი კვებისას.

ერთ-ერთი მთავარი გაფრთხილება, რასაც პროდუქტის მწარმოებელი გასცემს, არის შემდეგი:

საუკეთესო გზა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად, არის თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების შეწყვეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი