ახალი ამბები

მიკროფონის საქმე: თეა წულუკიანი კანონზე მაღლა

24 ივლისი, 2021 • 2499
მიკროფონის საქმე: თეა წულუკიანი კანონზე მაღლა

მესამე დღეა, რაც პირველმა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა და კულტურის მოქმედმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და აღარ დაუბრუნა, პროკურატურა კი დუმს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება.

რა მოხდა?

კულტურის მინისტრი 22 ივლისს, სენაკში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებული აკაკი ხორავას სახელობის თეატრი გახსნაზე იმყოფებოდა. ღონისძიების დაწყებამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და დარბაზში გადაინაცვლა. სპექტაკლი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როდესაც მოგვიანებით დარბაზში გადანაცვლებულ კულტურის მინისტრს “მთავარი არხის” ჟურნალისტი ემა გოგოხია დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე ძალადობის შესახებ კითხვით მიუახლოვდა.

კულტურის მინისტრმა ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა.

“მოგესალმებით. მე მინდა ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ვარ ეთერში “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონი ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი. ემა ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა, აბა, მოდი, თქვი: ბიძინას გაუმარ… “, — მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

რატომ არის მინისტრის ქმედება სახიფათო?

5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქცია მედიის წარმომადგენლების მიმართ უპრეცედენტო ძალადობაში გადაიზარდა. 53 ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. სამართალდამცველებმა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე 24 პირიდააკავეს. თუმცა, ამ დრომდე არ გამოუვლენიათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას არათუ პრევენციული და ეფექტური ზომები არ მიუღია ჟურნალისტებისა და ოპერატორების დასაცავად, არამედ საკუთარი განცხადებებით ხელს უწყობს მტრული განწყობების გაღვივებას მედიის მიმართ, 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარი ფაქტი პრობლემურია იმის გამოც, რომ ვიცე-პრემიერის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადია.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა — სსსკ, მუხლი 154.

1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) მრჩეველი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გარდა, წულუკიანის ქმედება ძარცვის ნიშნებსაც შეიცავს.

“მინისტრის ეს ქმედება, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად ამოვარდნილია იმ პასუხისმგებლობის ჩარჩოებიდან, რომელიც მთავრობის წევრს და მით უმეტეს, ვიცე-პრემიერს უნდა ეკისრებოდეს, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის და მედიის თავისუფლების პატივისცემის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, ამავდროულად არის სამართალდარღვევა. კერძოდ, ერთი მხრივ, ის ცდილობს ჟურნალისტს თავის პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალოს იძულებით — ძალის გამოყენებით წაართვას მიკროფონი, აღარ დაუბრუნოს ის, რაც, ფაქტობრივად, იმ კონკრეტული ღონისძიების გაშუქებას შეუძლებელს ხდის. მეორე მხრივ, ეს არის ჩვეულებრივი ძარცვა, როდესაც ადამიანს საჯაროდ, ღიად ართმევ მის ქონებას და უარს აცხადებს დაბრუნებაზე — ეს არის დანაშაული. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ საქმეზე დაიწყოს გამოძიება”, — აცხადებს მშვენიერაძე.

მისი თქმით, რადგანაც სავარაუდო დანაშაული ჩადენილია მთავრობის წევრის მიერ და პროკურატურა არის ის უწყება, რომელიც ვალდებულია გამოძიება დაიწყოს.

“პროკურატურას არ აქვს უფლება, არ დაიწყოს გამოძიება. მთავარია, სწრაფად მიიღოს ეს გადაწყვეტილება”, — განმარტავს იგი.

სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული აფილირებული პროფესორი თამარ გეგელია მიიჩნევს, რომ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ქმედება ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჩადენილი იძულების ფორმით.

„იძულება არის ადამიანის ნების თავისუფლებაზე თავდასხმა. უზენაეს სასამართლოს ადამიანისთვის ხელიდან ნივთის წაგლეჯა, როდესაც ეს მისაკუთრების მიზნის გარეშე ხდება, არაერთხელ შეუფასებია იძულებად. გამოძიება დაწყებულა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მუხლით, რაც არასწორი კვალიფიკაცია იყო და უზენაეს სასამართლოს გაუსწორებია ეს კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში მიკროფონის ხელიდან გამოგლეჯა მოხდა, რაც იძულების ისეთი უხეში ფორმაა, რომ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას წარმოადგენს და უნდა შეფასდეს დანაშაულად. მინისტრი წულუკიანმა, როდესაც ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის აუცილებელი ნივთი — მიკროფონი — ხელიდან ძალით გამოსტაცა, ამით უკანონოდ ხელი შეუშალა ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში და სანამ მიკროფონს არ დააბრუნებს, ეს დანაშაულიც გაგრძელდება იქამდე”, – აცხადებს გეგელია.

რა რეაგირება ჰქონდა პატრულს

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა 22 ივლისს პატრული გამოიძახა მას შემდეგ, რაც მას დარბაზი დაატოვებინეს, თეა წულუკიანმა კი მიკროფონის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იუსტიციის მინისტრისთვის მიკროფონი არ გამოურთმევიათ. ემა გოგოხიას თქმით, პოლიციელებს მინისტრთან მიახლოების მცდელობაც არ ჰქონიათ, მათ გამოკითხვის ოქმი შეადგინეს და თქვეს, რომ მინისტრს ვერ მიუახლოვდებიან, ხოლო გამოკითხვის ოქმს კრიმინალურ პოლიციას გადასცემენ.

“ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები”, – თქვა სენაკის თეატრის სცენაზე ასულმა კულტურის მინისტრმა პოლიციის გამოძახებაზე.

“ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას” გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, –  ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები, – როცა 3 ოქტომბერს დილით ედენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თამარ გეგელიას შეფასებით, პოლიციელი, რომელიც ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს და დანაშაულის ჩადენას ხელს არ შეუშლის, რაც მისი სპეციალური/პროფესიული მოვალეობაა, ამ დანაშაულის თანამონაწილე ხდება უმოქმედობით.

“სპეციალური მოვალეობის შეუსრულებლობით პოლიციელი აძლიერებს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირს, ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას”, — ამბობს იგი.

გეგელია აქვე დასძენს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 2 წელია, ხოლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით — 6 წელი.

“მე მგონი, ამ ფაქტს შეფასებაც არ სჭირდება. ძალიან ცხადად ვნახეთ, რომ ადგილზე არიან პოლიციელები, რომლებსაც უთითებენ დანაშაულზე, ამის მიუხედავად პოლიცია არ რეაგირებს. რატომ? — ამაზე პასუხი ყველასთვის ცხადია — მართლმსაჯულების სისტემა, ისევე როგორც საგამოძიებო სისტემა, ჩვენს ქვეყანაში არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური, პოლიტიკისგან თავისუფალი და პოლიტიკური მიზანშეწონილობით იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას”, — აცხადებს, თავის მხრივ, გიორგი მშვენიერაძე.

წულუკიანი VS კანონი

ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის გამო “მთავარმა არხმა” თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას ოფიციალურად მიმართა.

„ის, რაც მან [თეა წულუკიანმა] გააკეთა, არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა”, – განაცხადა “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

კოალიციაში “მედიის ადვოკატირებისთვის” შემავალმა 15-მა ორგანიზაციამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ქონების მიტაცებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტებთან მიმართებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებენ კითხვას, დაიწყო თუ არა გამოძიება თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე. მთავრობის სხვა წევრებმა — პრემიერმა და შს მინისტრმა — თქვეს, რომ “არ იციან” რა მოხდა. კულტურის მინისტრის კერძო ტელეკომპანიის ქონება ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია თეა წულუკიანის ქმედების კანონიერებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 2 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატებისას, თეა წულუკიანმა, რომელიც მაშინ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მობილური ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა. გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველს, გამოეხმაუროს აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად სწორია უფლებრივად მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი ევალება, თეა წულუკიანის განცხადება არასაჭიროდ შეაფასა, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

სამართლებრივად საინტერესოა თეა წულუკიანთან დაკავშირებული კიდევ ერთი დავა იმ პერიოდიდან, როდესაც ის იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. თამაზ ახობაძეს, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს, 5 წელი დასჭირდა სამართლის მისაღწევად. ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრში (საიდანაც ის ანა სუბელიანთან ერთად გაათავისუფლეს) აღდგენას 2014 წლიდან ითხოვდა. მან დავა წამოიწყო იუსტიციის სამინისტროსთან და ორჯერ, სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოუგო. თუმცა თანამდებობაზე 2019  28 თებერვლამდე არ აღადგინეს, — მანამ, სანამ იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო.

თამაზ ახობაძის და ანა სუბელიანის საქმე მოკლედ
ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

როგორც მოსარჩლე მხარე განმარტავს, დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

მათივე განცხადებით, ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობდა უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც არ ხდებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა აღსადგენი პოზიცია. თუმცა, საიას განცხადებით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარუდგენია სასამართლოში საქმის განხილვისას.

“საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანანო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე – შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული ქმედებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის,”- განაცხადა ბრიფინგზე საიამ.

4 აპრილს, თამაზ ახობაძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის მიღების გადაწყვეტილება ბათილად ცნო. თამაზ ახობაძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მორის ბარამიას შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ბარამია სასამართლო პროცესში უნდა იყოს ჩართული. მორის ბარამია სწორედ ის ადამიანია, რომელმაც დანაშაულის პრევენციის ცენტრში თამახ ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

სარჩელის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება ახობაძემ უზენაესში გაასაჩივრა. როგორც ახობაძემ ნეტგაზეთს უთხრა, 23 ივლისის გადაყწვეტილებით, სასამართლომ თქვა, რომ მესამე მხარის ჩართულობა “არაფერ შუაშია და არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს”.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევდა, რომ ახობაძე–სუბელიანის გათავისუფლება იყო კანონიერი და მომჩივნებს პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში ადანაშაულებდა.

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი