ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორმა წულუკიანს გვარამიას ნომრის გამჟღავნებისთვის პასუხისმგებლობა არ დააკისრა

21 მაისი, 2021 • 1331
სახელმწიფო ინსპექტორმა წულუკიანს გვარამიას ნომრის გამჟღავნებისთვის პასუხისმგებლობა არ დააკისრა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნიკა გვარამიას და თეა წულუკიანის სატელეფონო ნომრების გასაჯაროების კანონიერების შემოწმება დაასრულა და თეა წულუკიანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

საუბარია 2 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატებისას მაშინდელი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის,  თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დადგინა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომია.

“იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი. პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების მიზანი არის ის, რომ მათ მიეცეთ მნიშვნელოვან დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათზე დაკვირვებების, შეზღუდვების ან მოსაზრებების რედაქტირების, ასევე, სასამართლოს ან სხვა ამგვარი ორგანოს წინაშე წარდგენის საშიშროების გარეშე. იმუნიტეტი პარლამენტარისთვის „გარე პირის“ (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა”, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

ამასთან,  სახელმწიფო ინსპექტორი აღინიშნავს, რომ 2 თებერვალს,  პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე (ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება), საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და ამგვარ ვითარებაში ფიზიკური (თუნდაც საჯარო) პირის ტელეფონის ნომრის გამჟღავნება მონაცემთა დამუშავების სახიფათო პრეცედენტია.

“საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, დებატების დროს, გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროება კანონსაწინააღმდეგოდ შეაფასას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და აღნიშნა, რომ  ნეგატიურ კამპანიას ახალისებს.

თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება არაეთიკურად შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი