ახალი ამბები

“მთავარმა არხმა” თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

23 ივლისი, 2021 • 1694
“მთავარმა არხმა” თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის გამო “მთავარმა არხმა” თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

როგორც  “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა ჟურნალისტებზე მორიგი თავდასხმის ინსპირაცია და ძალადობის წახალისებაა.

“ის, რაც მან[თეა წულუკიანმა] გუშინ გააკეთა, არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გუშინ 22 ივლისს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.

ინციდენტი სენაკის თეატრში მოხდა, სადაც წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა.

“მოგესალმებით. მე მინდა ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ვარ ეთერი “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონო ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი. ემა, ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა, აბა, მოდი, თქვი: ბიძინას გაუმარ… “, — მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ პატრული გამოიძახა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიკროფონი წაართვა და აღარ დაუბრუნა. სენაკის თეატრში მისულ სამართალდამცველებს გოგოხიამ უთხრა, რომ დარბაზი დაატოვებინეს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა, დარბაზში შესულიყვნენ და მინისტრისთვის მიკროფონი გამოერთმიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი