ახალი ამბები

წულუკიანი ჟურნალისტს მიკროფონს არ უბრუნებს, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა

22 ივლისი, 2021 • 5370
წულუკიანი ჟურნალისტს მიკროფონს არ უბრუნებს, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ პატრული გამოიძახა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიკროფონი წაართვა და აღარ დაუბრუნა.

სენაკის თეატრში მისულ სამართალდამცველებს გოგოხიამ უთხრა, რომ დარბაზი დაატოვებინეს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა, დარბაზში შესულიყვნენ და მინისტრისთვის მიკროფონი გამოერთმიათ.

დღეს სენაკის თეატრში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფის არაერთი მიმართვის მიუხედავად, წულუკიანმა მათ მიკროფონი არ დაუბრუნა.

“არ დავაბრუნებ! ))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”, — დაწერა წულუკიანმა “ფეისბუქზე”. ის სცენაზე “მთავარი არხის” მიკროფონით ავიდა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე ლევან ქათამაძე წერს, რომ კულტურის მინისტრი დარბაზში მსხდომ მაყურებელს სთხოვდა, ტაში დაეკრათ ბიძინა ივანიშვილისთვის.

“ასე ცუდად თეატრში თავი არასდროს მიგრძვნია. სენაკში ვარ, შვებულების პირველ დღეს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის გახსნა დაემთხვა. დარბაზში უცებ ატყდა ჩოჩქოლი. თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას წაართვა მიკროფონი. ყველფერი აქ არ დასრულებულა, სპექტაკლის შემდეგ წულუკიანი სცენაზე ავიდა მთავარი არხის მიკროფონით და აფრქვია სიძულვილი. ასეთ დროს, როდესაც მედიაზე არნახული თავდასხმა მიდის, კულტურის მინისტრი სცენიდან დარბაზში მსხდომ მაყურებელს სთხოვდა, ტაში დაეკრათ ბიძინასთვის და შესძახა: “გაუმარჯოს ბიძინას! ესენი ვერასდროს დაბრუდებიან!”, — წერს ლევან ქათამაძე.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საპატრულო პოლიციას მინისტრთან მიახლოების მცდელობაც არ ჰქონია. ემა გოგოხიას თქმით, მათ გამოკითხვის ოქმი შეადგინეს და თქვეს, რომ მინისტრს ვერ მიუახლოვდებიან, ხოლო გამოკითხვის ოქმს კრიმინალურ პოლიციას გადასცემენ.

ცნობისთვის, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი