ახალი ამბებისამართალი

“ტვ პირველის” და რ2-ის ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

22 ივლისი, 2021 • 5053
“ტვ პირველის” და რ2-ის ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 5 ივლისს “ტვ პირველის” და “რუსთავი 2”-ის ოპერატორებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს – ირაკლი წიგნაძეს და უშანგი დათუნაშვილს.

“ძალადობა მიუღებელია, ხომ ყველა ვთანხმდებით…მაგრამ აღარ უნდა ამას”, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.

ბრალდებულ ირაკლი წიგნაძის ადვოკატის ვეფხვია გელაშვილის თქმით, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდოს. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გელაშვილმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მოსამართლის განმარტებით, ახლა, როცა მომატებული საფრთხეა, მიზანშეწონილად მიიჩნევს 5 ივლისის მოვლენებში ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, თუმცა ეს გადაწყვეტილება 2 თვეში ერთხელ გადახედვადია.

გამოძიების თანახმად, ირაკლი წიგნაძემ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხოლო უშანგი დათუნაშვილმა “ცისფერი გალერეის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოპერატორს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დაცვის მხარე პროცესზე წარდგა ბრალდებულთათვის 2 000-2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით. ადვოკატების თქმით, კადრებში ჩანს ბრალდებულები, მათ შორის, უშანგი დათუნაშვილი “წკეპლით” [პროკურატურის მტკიცებით, დროშის ტარი], თუმცა არ ჩანს და არაფრით დასტურდება მათ მიერ დანაშაულის ძალადობის ფაქტი. ამასთან, ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა თქვა, რომ ოპერატორ ლევან ბრეგაძეს რამე საიდენტიფიკაციო ნიშანი არ ჰქონდა და იკითხა, “საიდან უნდა სცოდნოდა” წიგნაძეს, რომ ის მედიის წარმომადგენელი იყო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, შსს-ს პრესსამსახურიდან გამოთხოვილ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი წიგნაძე ოპერატორს სხვა 10-მდე პირთან ერთად სცემს.

ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებში. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედებათ ბრალი.

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეუფარდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი