ახალი ამბები

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეუფარდეს

8 ივლისი, 2021 • 1358
ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეუფარდეს

5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს – ზაზა ჭაავას, მურად დევლარიშვილს და ზაზა მჭედლიძეს – სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ედებათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში, ძალადობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ტელეკომპანია “რუსთავის 2-ის”, “მთავარი არხის”, გამოცემა  “ტაბულას” და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.


რა მოხდა 5 ივლისს?

5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის, ასევე “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 15 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი