ახალი ამბები

“სილქნეტის” წინააღმდეგ “ალტ ინფოს” საჩივრის განხილვა გადაიდო

15 ივლისი, 2021 • 1489
“სილქნეტის” წინააღმდეგ “ალტ ინფოს” საჩივრის განხილვა გადაიდო

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “სილქნეტის” წინააღმდეგ “ალტ ინფოს” საჩივრის განხილვა გადაიდო.

მაუწყებლობის დაწყების შემდეგ “ალტ ინფომ” მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ კომპანიებს თხოვნით მიმართა, განეთავსებინათ სამაუწყებლო არხი მათ სამომხმარებლო პაკეტში. “ახალი ქსელებისა” და “მაგთიკომის”  მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო “სილქნეტმა” “ალტ ინფო” საკუთარ პაკეტში არ განათავსა, რის შემდეგაც ამ უკანაკსნელმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.

საკითხიუ ნდა განხილულიყო Comcom-ის დღევანდელ, 15 ივლისის სხდომაზე, თუმცა, როგორც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განმარტა, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ოპერატორმა გუშინ საღამოს ნაწილობრივ წარადგინა და კომისიას სჭირდება დამატებითი დრო ინფორმაციის შესასწავლად. შედეგად, საკითხის განხილვა ორი კვირით გადაიდო.

თავის მხრივ,”სილქნეტი” მზადყოფნას გამოთქვამს, ტექნიკური პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში “ალტ ინფო” განათავსოს მისი სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში. “ალტ ინფოს” მიაჩნია, რომ “სილქნეტის” მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში ავალდებულებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, განახორციელოს სავალდებული ტრანზიტი .

5-6 ივლისს, “თბილისი პრაიდის” ღონისძიების ჩაშლის შემდეგ, რომელშიც “ალტ-ინფოს” დამფუძნებლებიც მონაწილეობდნენ, მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა გამოხატა “სილქნეტის” მიმართ და “ალტ-ინფოს” ამოღება მოითხოვა “ახალი ქსელებისა” და “მაგთიკომის” სამომხარებლო პაკეტიდანაც.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, უზრუნველყოს მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი