ახალი ამბები

„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – აქცია პარლამენტთან [პირდაპირი]

17 ივლისი, 2021 • 1081
„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – აქცია პარლამენტთან [პირდაპირი]

პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებული აქცია დაიწყო. ორგანიზატორები საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტებმა პარლამენტთან რუსთაველის გამზირი დაიკავეს და სამანქანო მოძრაობა ამ მონაკვეთზე გადაიკეტა.

ეს მედიასაშუალებების მიერ ბოლო პერიოდში ორგანიზებული მესამე აქციაა.

რამდენიმე დღეა, მედიასაშუალებების ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს და ამ მოწოდებით საპროტესტო აქციებს მართავს.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა.

თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერს:

გარდაცვლილი ოპერატორის საქმე

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით უკვე გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სთან და პროკურატურასთან. მორიგი ქცია 17 ივლისს, 18:00 საათზე, კვლავ პარლამენტთან არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი