ახალი ამბები

“გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი” – მთავრობამ ღონისძიებაზე 3 ტელევიზია არ მიიწვია

17 ივლისი, 2021 •
“გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი” – მთავრობამ ღონისძიებაზე 3 ტელევიზია არ მიიწვია

17 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე მშენებარე “ჯარის ქალაქი” დაათვალიერა, თუმცა 3 ტელეკომპანია – “ტვ პირველი”, “მთავარი არხი” და “ფორმულა”  – იქ არ მიუწვევიათ. მიზეზებზე საუბრისას მთავრობის ადმინისტრაცია ამბობს, რომ აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა “წითელი ხაზები გადაკვეთეს” და ჩართულნი არიან ღარიბაშვილის საწინააღმდეგო “პოლიტიკურ კამპანიაში”.

“დღეს რამდენიმე კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან დაისვა კითხვები, რატომ არ იყვნენ ისინი მოწვეული პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღონისძიებაზე. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა.

“მთავარ არხს”, “ტვ პირველს” და “ფორმულას” არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ “მთავარმა არხმა”, “ტვ პირველმა” და “ფორმულამ” გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ კომენტარში.

რამდენიმე დღეა, მედიასაშუალებების ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს და ამ მოწოდებით საპროტესტო აქციებს მართავს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა.

აღნიშნულ ძალადობაზე, რომლის სამიზნეც იმ დღეს ათეულობით ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, კრიტიკოსები პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებასა და ღარიბაშვილს აკისრებენ. მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტეს “მთავარმა არხმა”, “ფორმულამ”, “ტვ პირველმა” და “კავკასიამ”.

გარდაცვლილი ოპერატორის საქმე

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა  შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით უკვე გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სთან და პროკურატურასთან. მორიგი ქცია 17 ივლისს, 18:00 საათზე, კვლავ პარლამენტთან არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი