“ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ პოლიციის სამმართველო დატოვა. მახარაძის განცხადებით, გამოძიების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა, თუმცა არ დააკონკრეტა, რა შეკითხვები დაუსვეს.
“რა კითხვებიც ჰქონდა გამოძებას, ყველაფერზე ვუპასუხე, დეტალებში არ შევდივარ”, – განაცხადა მახარაძემ.
მან არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რა ნივთები ამოიღეს ჩხრეკისას მისი სახლიდან.
ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორის “ალტ ინფოს” განცხადებით, ჯგუფის ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადეს.
“ალტ ინფოს ყველა წევრი არის გადაყვანილი განყოფილებაში. ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკა”, — აღნიშნა “ალტ ინფოს” წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ.
მისი ინფორმაციით, განყოფილებაში გადაყვანილნი არიან შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა დილით ჩატარდა.
“ალტ ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლის ჩხრეკისა და პოლიციაში გადაყვანის ფაქტი “ნეტგაზეთს” მისმა მეუღლემ დაუდასტურა. ასევე მოხდა ძალადობრივი პროტესტის კიდევ ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილისა და მისი ვაჟის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის შემთხვევაში. ისინი ჟურნალისტების თვალწინ გამოიყვანეს სახლიდან და პოლიციაში წაიყვანეს. გამოკითხვაზე გადაიყვანეს “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც.
ჯამში, “ალტ ინფოს” თანახმად, განყოფილებაში 16 პირია გადაყვანილი.
“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართებზე, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში სახელებსა და გვარებს, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.