ახალი ამბები

ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი ალტ-ინფოს წევრები დაიშალნენ

10 იანვარი, 2024 • 1272
ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი ალტ-ინფოს წევრები დაიშალნენ

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებმა ტერიტორია 16.00 საათის შემდეგ დატოვეს. მანამდე მათ პოლიციამ მოუწოდა, არ გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს.

ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილებს დაშლამდე ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ მიმართა. ზურაბ მახარაძემ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„არავინ არ თქვას, რომ ახლა ამათ [პოლიციას] მოქმედება არ შეუძლია“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებმა ნატა ფერაძის სახლთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუშინ, 9 იანვარს, აქტივისტმა  ვიდეო გაავრცელა, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.

როგორც ნატა ფერაძე ამბობს, ვიდეოს გავრცელების შემდეგ მისი მისამართით მუქარები არ წყდება. ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით წუხელ პოლიციასაც მიმართა. მან საპატრულო პოლიციას გააცნო ის მუქარის მესიჯები, რომელიც მიიღო. მისი თქმით, პოლიციის გამოძახების შემდეგ ის განყოფილებაში წაიყვანეს.


სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, შუშის ჩარჩოში ჩასმულ ხატს ლურჯი ფერის საღებავი აქვს შესხმული.

სამების საკათერდო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე 9 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, უწყებამ “სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში”.ეს მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი