ნეტგაზეთი | ჩვენი ყველა წევრი გადაყვანილია პოლიციაში — “ალტ ინფო” ჩვენი ყველა წევრი გადაყვანილია პოლიციაში — “ალტ ინფო” – Netgazeti
Batumelebi | RU

ჩვენი ყველა წევრი გადაყვანილია პოლიციაში — “ალტ ინფო”

ძალადობრივი და ჰომოფობიური “ალტ ინფოს” განცხადებით, ჯგუფის ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

“ალტ ინფოს ყველა წევრი არის გადაყვანილი განყოფილებაში. ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკა”, — აღნიშნა “ალტ ინფოს” წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ.

მისი ინფორმაციით, განყოფილებაში გადაყვანილნი არიან შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა დილით ჩატარდა.

“ალტ ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლის ჩხრეკისა და პოლიციაში გადაყვანის ფაქტი “ნეტგაზეთს” მისმა მეუღლემ დაუდასტურა. ასევე მოხდა ძალადობრივი პროტესტის კიდევ ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილისა და მისი ვაჟის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის შემთხვევაში. ისინი ჟურნალისტების თვალწინ გამოიყვანეს სახლიდან და პოლიციაში წაიყვანეს. გამოკითხვაზე გადაიყვანეს “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც.

ჯამში, “ალტ ინფოს” თანახმად, განყოფილებაში 16 პირია გადაყვანილი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური პროტესტის ლიდერების ნაწილის სახლებს ჩხრეკდნენ, თავდაპირველად ინფორმაცია “რუსთავი2”-მა 16 ივლისს, დილით გაავრცელა.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართებზე, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში სახელებსა და გვარებს, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან