ახალი ამბები

კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე გიორგი კალანდარიშვილს დაუჭირა მხარი

15 ივლისი, 2021 • 1823
კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე გიორგი კალანდარიშვილს დაუჭირა მხარი

პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკოს წევრობის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.

კომიტეტში კანდიდატების მოსმენა 15 ივლისს გაიმრთა. საღამოს საათებში კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას 10 ხმით გაუწია რეკომენდაცია.

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატს, გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა კომიტეტის 4-მა წევრმა.

ამასთან, კომიტეტმა 10-10 ხმით დაუჭირა მხარი ცესკოს წევრებად გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას.

ცესკოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილები იყვნენ ასევე ლელა ტალიაური და თამარ სართანია, რომლებმაც 3-3 ხმა მიიღეს.

საბოლოოდ მათ კანდიდატურას პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა უყაროს კენჭი. უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კალანდარიშვილს მხარს არ დაუჭერს. იმავე პოზიციაზეა „ლელო“.

ვინ არის გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. კალანდარიშვილი სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობად სწორედ სამუშაო გამოცდილებას ასახელებდა.

თუმცა კომისიის წევრებს — მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს — ძირითადი კითხვები სწორედ მისი სამუშაო გამოცდილების გამო მის სანდოობასთან დაკავშირებით ჰქონდათ. შერჩევის წინა ეტაპზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს არც კალანდარიშვილს და არც სანტურიანს (რომელიც ასევე ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომელია).

საკონკურსო კომისიის თავმჯომარის, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, შერჩეული კანდიდატები დამოუკიდებლობისა და პრინციპულობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

ცესკოს თავმდჯომარის პოსტი

ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან ფეისბუკით გამოაცხადა 30 ივნისს, 9 დღით ადრე კი აცხადებდა, რომ წასვლას არ აპირებდა და „არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, მოითხოვოს ნებისმიერი საარჩევნო ადმინისტრატორის, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის არგუმენტების გარეშე გადადგომა“.

ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რასაც თან სდევდა ბრალდებები არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე.

ჟვანიას შემცვლელს პარლამენტი ახალი წესით აირჩევს, რომლის მიხედვითაც პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (100 ხმით) უმრავლესობით.

თუკი ასე არ მოხდა და პარლამენტმა ორი მესამედით ვერ აირჩია, თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტარების სამი მეხუთედი (ანუ 90 დეპუტატი).

თუკი ვერც ასე მოხდა თავმჯდომარის არჩევა, ანტიჩიხური მექანიზმის გათვალისწინებით, მხოლოდ ამის შემდეგ აირჩევს პარლმენტი თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით (76 ხმით).

თუმცა, თუ ცესკოს თავმჯდომარეს მხოლოდ უბრალო უმრავლესობით აირჩევენ, მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვე იქნება, ნაცვლად 5-წლიანი ვადისა.

ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, მხოლოდ „ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლით ვერ აირჩევს.

ცესკოს ახალ თავმჯდომარეს 5 წლით მხოლოდ “ოცნება” ვეღარ აირჩევს

ვინ არიან და რა ხედვები აქვთ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს

მასალების გადაბეჭდვის წესი