ახალი ამბები

ვინ არიან და რა ხედვები აქვთ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს

8 ივლისი, 2021 • 2950
ვინ არიან და რა ხედვები აქვთ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს

7 ივლისს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გაიმართა. საკონკურსო კომისიამ გასაუბრების ეტაპზე გადასულ 7 კანდიდატს მოუსმინა. ერთი კანდიდატი  გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.

კომისია 11 წევრისგან შედგება და მასში არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედიან.

ცესკოს თავმდჯდომარეობის სურვილი სულ 11-მა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა გასაუბრების ეტაპზე 8 გადავიდა. როგორც კომისიის წევრი, საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, თავმჯდომარეობის 3 მსურველს გასაუბრებაზე გადაყვანაზე უარი გაურკვეველი საბუთების გამო ეთქვა.

კომისიამ მინიმუმ 2 კანდიდატი პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტს გაუგზავნის. თუ კომისია საჭირო რაოდენობის კანდიდატებს ვერ შეარჩევს, მაშინ კონკურსი თავიდან გამოცხადდება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი თავმჯდომარე 2 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერ აირჩევა, მაშინ არჩევნების ჩატარება ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მოუწევს.

ვინ არიან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

კომისიამ გასაუბრებები ვილი პაჭკორიას მოსმენით დაიწყო. ვილი პაჭკორია “საქართველოს კლინიკების” ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტია.

როგორც გასაუბრებაზე პაჭკორიამ განაცხადა, იგი სხვადასხვა დროს “რესპუბლიკური პარტიის”, “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ქართული ოცნების” წევრი იყო. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” 2019 წელს, “გავრილოვის ღამის” შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა.

“პარტიებთან თანამშრომლობა მქონია, რასაკვირველია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მინუსია ადამიანისთვის. გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც პარტიული მუშაობის გამოცდილებას”, – განაცხადა პაჭკორიამ.

პაჭკორიას თქმით, ცესკოს თავმჯდომარისთვის ყველაზე  მთავარი რამ, “წესიერი, პატიოსანი და უმწიკვლო წარსული” აქვს.

“ყველანი უნდა ვიყოთ მონდომებული იმისთვის, რომ ამ 30 წლის მანძილზე, რაც საქართველო დამოუკიდებელია, ჩატარდეს სუფთა და გამჭვირვალე არჩევნები. ეს არის ჩემი მიზანი და დაინტერესება. ალბათ, ბევრ საკითხში მაქვს გარკვეული გამოცდილება, რომლითაც გამოვადგები ამ სფეროსაც”, – განაცხადა პაჭკორიამ.

როგორც გასაუბრებისას გაირკვა, ვილი პაჭკორია კარგად არ იცნობს განახლებულ საარჩევნო კოდექსს.

მისივე შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები “ხარვეზებით აღსავსე” იყო, მათ შორის გადასწორებული ოქმების თვალსზრისით.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც კომისიამ უკვე მოუსმინა მაია გურამიშვილია. გურამიშვილი საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. ის ასევე ხემძღვანელობს “კონფლიქტების მართვის, მედიაციის, მოლაპარაკებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვლევით ცენტრს”.

როგორც გასაუბრებისას აღნიშნა, აკადემიური საქმიანობიდან გამომდინარე ყოველთვის ცდილობდა, რომ აპოლიტიკური ყოფილიყო. ამიტომ ყველაზე ძლიერ მხარედ აპოლიტიკურობა დაასახელა.

“ყველაზე მთავარი ძლიერი მხარე არის ის, რომ ვარ აპოლიტიკური. მეორე ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან მიმიწვდება ხელი, როგორც პედაგოგს, როგორც მოქალაქეს, როგორც გარკვეულწილად რელიგიური მრევლის წარმომადგენელს და საკმაოდ გათვითცნობიერებულს გარკვეულ საკითხებში. ეს კომუნიკაცია, ამ საკითხების ფლობა მეხმარება, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღო”, – განაცხადა გურამიშვილმა.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი პრობლემა, რაც მიმდინარე პროცესებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, არასწორი კომუნიკაცია იყო, რომელიც “ინტერპრეტაციის საშუალებას ქმნიდა”.

“რაც შეეხება ცესკო-ში არსებულ პრობლემატიკას, მთავარ პრობლემად მიმაჩნია, რომ არის არასწორი ინტერპრეტაცია, საკითხის ზუსტად, კონკრეტულად, მიზნობრივად მიწოდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. მაგალითად, დამოკიდებულება ჟურნალისტებთან, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან – აშკარად იყო არათანაბარი მიდგომა თავმჯდომარის მხრიდან პოზიციის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ეს, როგორც რიგით მოქალაქეს, მაძლევდა იმის საშუალებას, რომ პროგნოზირება გამეკეთებინა საკითხის და მეთქვა, რომ აღნიშნული საკითხი სერიოზულ პრობლემაში გადასულიყო”, – განაცხადა გურამიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარეობა სურს გიორგი კალანდარიშვილსაც, რომელსაც ადმინისტრაციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. კალანდარიშვილი სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობად სწორედ სამუშაო გამოცდილებას ასახელებს.

თუმცა კომისიის წევრებს ძირითადი კითხვები სწორედ მისი სამუშაო გამოცდილების გამო მის სანდოობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

“ჩემი ნდობის საკითხი არასდროს დამდგარა. იმიტომ, რომ მე გახლდით პროფესიული საჯარო მოხელე საარჩევნო ადმინისტრაციაში. 2008 წლიდან დღემდე ჩემი მრავალმხრივი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა და ფაქტი, რომელიც ჩემი მიკერძოების და დამოუკიდებლობის ხარისხს, თუნდაც მინიმუმ 0.1%-ით მაინც, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ აფილაციას, კალანდირიშვილი ამბობს:

“არჩევნები პოლიტიკური პროცესია და, ბუნებრივია, ამ პროცესს აფილაციები მოჰყვება. მაღალი საჯარო თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, ბუნებრივია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან სიმპათია თუ ანტიპათია წამოვიდეს. მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი და არ უნდა შეიცავდეს დისკრედიტაციის მცდელობებს. არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არც რაიმე ნათესვური კავშირი და რაიმე სიახლოვე არ გამაჩნია”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “პერსონიფიცირებული შეტევის მსხვერპლი” იყო.

კითხვაზე, ექნება თუ არა მას ყველა პოლიტიკური პარტიის ნდობა, კალანდარიშვილი პასუხობს:

“ჩემი მოლოდინი არის, რომ იქნება ნდობა ზუსტად იმ კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნია”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, გააღრმავებს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს, თუ ცესკოს თავმჯდომარე არა ორი მესამედით, არამედ უბრალო უმრავლესობით დაინიშნება, ამბობს, რომ თუ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესების გაჯანსაღება სურთ, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

“მე მოლოდინი მაქვს, რომ მექნება ყველას მხარდაჭერა. მე ჩემს თავს არ შევაფასებდი უნაკლოდ, მაგრამ ამ არსებულ ვითარებაში ჩემი კანდიდატურა არის პრიორიტეტული”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმდჯომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი იმედა კლდიაშვილია. კლდიაშვილი პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” დამფუძნებელი და პროფესიით აიტი ტექნოლოგიების მენეჯერია. სწორედ მან წარადგინა მოდელი, თუ როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესში. რამდენიმე კვირის წინ აღნიშნული მოდელის მიხედვით მომზადდა პროტოტიპები და ცესკოში ხმის მიცემის სიმულაციაც ჩატარდა.

როგორც კლდიაშვილმა გასაუბრებაზე აღნიშნა, ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისას მისი პირველი მოტივიც სწორედ სარჩევნო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების შეტანის ბოლომდე მიყვანა და ამით გამჭვირვალობის გაზრდა იყო.

“ცესკოს განვითარებაზე საუბარი, სამწუხაროდ, იწყება მწვერვალის თავიდან – ეს არის კომისიის თავმჯდომარე – და ბოლომდე, საუბნო კომისიებამდე, ჩასვლა არ ხდება. დღევანდელი მდგომარეობით პროცესი შედგება იდენტიფიკაციის, ბიულეტენების მოძრაობისა და ხმის დათვლისგან. აუცილებელია, რომ თითოეულ ამ კომპონენტში შეტანილი იყოს იმ დონის გამჭვირვალობა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც გასულია უბანზე და ატარებს არჩევნებს, დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მის შესრულებულ საქმეს გარედან ვინმე კარუსელით არ უფუჭებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა ადამიანმა იცის, რომ გარედან მას ვინმე კარუსელს დაუტრიალებს და თვითონ თავიც რომ მოიკლას, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, ეს უკვე დაწყებისთანავე კლავს ნებისმიერ მოტივაციას”, – განაცხადა კლდიაშვილმა.

კომისიის წევრებს კითხვები მეტწილად სწორედ მის პარტიულ აფილაციასთან ჰქონდათ. როგორც კლდიაშვილმა განაცხადა, მან პარტია კონკურსის გამო დატოვა.

“მართალია, მე ასოცირებული ვარ “გირჩი – მეტი თავისუფლებასთან” და, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამ პარტიის მხარდაჭერებს და გუნდის წევრებს. რომ არ ყოფილიყო ეს პარტია, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიდოდი ჩემი იდეებით თქვენამდე. ამ პარტიამ მომცა საშუალება, რომ მე თქვენამდე მომეტანა იდეები.

ზოგადად, “გირჩი – მეტი თავისუფლება” არ არის ორდინალური პარტია. ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მეტი თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლას უფრო აქ ვხედავ. ამიტომ ჩემს მეგობრებსაც ვთხოვე, მათთანაც გავიარე და საერთოდ ჩავეხსნები იმ თემას, რასაც ჰქვია პარტიული საქმიანობა, და თუ დამიდასტურებთ ნდობას, მთლიანად გადავერთვები ამ პროცესში. ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს კითხვებს, რომ პარტიულია და რაღაც… მაგრამ აქ ერთადერთი გამოსავალია, რომ სიტყვაზე უნდა მენდოთ”, – განაცხადა იმედა კლდიაშვილმა.

კითხვაზე, შეუშლის თუ არა მისი იდეოლოგია ხელს იმას, რომ მის კანდიდატურას შერჩევის შემთხვევაში სხვა პარტიებმაც დაუჭირონ მხარი, კლდიაშვილი პასუხობს, “მოდი, ეგ გადაწყვიტოს პარლამენტმა, იქ არიან პარტიები”.

ცესკოს თავმდჯდომარეობა სურს ცესკოს კიდევ ერთ თანამშრომელს – გიორგი სანტურიანს. ის ცესკოში 2018 წლიდან მუშაობს და 2020 წლიდან ცესკოს იურიუდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებს. მისი თქმით, მისი სამუშაო გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ 2 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებადმე სწორედ ის აირჩიონ.

სანტურიანი ცესკოს ერთ-ერთ დიდ გამოწვევად დეზინფორმაციას ასახელებს.

“არის დეზინფორმაცია, რომელიც კარგად მუშაობს. ე.წ. იარლიყებიდან გამომდინარე შესაძლებელია ძალიან მარტივად თქვა, რომ რაღაც პროცესი გაყალბდა. მაშინ, როცა რეალურად ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყოს. მე გავეცანი არაერთ ანგარიშს, არსად არ წერია მსგავსი სიტყვები, რომ პროცესი გაყალბდა. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ჩვენ მსგავს გამონათქვამებს ვხვდებით”, – განაცხადა სანტურიანმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ სანდოობა გაიზარდოს, პროცესი უფრო ღია უნდა გახდეს. მისი განმარტებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები აჩვენებს, რომ შესაძლებელი იყო არჩევნებზე პროცესები უკეთ და სანდოდ წარმართულიყო.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირებას, მისი შეფასებით, ცესკომ არჩევნების დროს არსებულ გამოწვევას “ღირსეულად უპასუხა”. მისი თქმით, საპარლამენტო არჩეევნებზე ძირითადი გამოწვევები პროცედურულ ნაწილს უკავშირდებოდა.

“რა იყო ძირითადი? ეს იყო მათ შორის დისბალანსის საკითხი, თუმცა დისბალანსის გამომწვევ მიზეზზე ზუსტად პასუხი არც არავის აქვს, და მათ შორის შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებული ხარვეზები. ეს იყო ორი ძირითადი საკითხი, რაც შემიძლია გამოვყო”, – განცხადა გიორგი სანტურიანმა.

ამასთან, სანტურიანის შეფასებით, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ რთულ პერიოდში “სიმტკიცის მაგალითი აჩვენა”.

“ის[თამარ ჟვანია] იყო ნამდვილად მაგალითი საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა მოხელისთვის. იმიტომ, რომ რთულ პერიოდში მან მნიშვნელოვან გამოწვევებს ძალიან მტკიცედ გაუძლო”, – განაცხადა სანტურიანმა.

რაც შეეხება კითხვას ზეწოლის შემთხვევაში მის პრინციპულობასთან დაკავშირებით, სანტურიანი პასუხობს, რომ მისი “განვლილი საქმიანობა და  ნებისმიერი ნაბიჯი გამოირჩეოდა პრინციპულობით”.

კითხვაზე, ექნება თუ არა მის კანდიდატურას, მათ შორის მისი ამჟამინდელი თანამდებობის გათვალისწინებით,  პარლამენტის ორი მესამედის მხარდაჭერა, სანტურიანი პასუხობს, რომ არ იცის.

ცესკოს თავმჯდომარეობა სურს ლილი ბეგიაშვილსაც, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას სხვადასხვა დროს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, რეფორმებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სწორედ იმ პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე, რომელიც მას წინა ხელისუფლების პერიოდში ეკავა, გასაუბრებისას კითხვები მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითაც დაისვა. კერძოდ, რამდენად ექნება მას, მაგალითად, “ქართული ოცნების” ნდობა.

“მე არ შემიძლია წინასწარ განვსაზღვრო, ვინ რას იფიქრებს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ზოგადად, ეს თანამდებობა ჩემთვის მიმზიდველი და საინტერესო არის იმიტომ, რომ კანონმდებლობით გარანტირებულია მისი დამოუკიდებლობა”, – განაცხადა ბეგიაშვილმა.

ბეგიაშვილს საარჩევნო სისტემების განვითარების საერთაშორისო ფონდში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, სადაც 2003 წელს მუშაობდა. ასევე იყო ინტერპარტიული ჯგუფის წევრი 2001 წელს, როდესაც საარჩევნო კოდექსი შეიქმნა.

მისი თქმით, არჩევნებისადმი ნდობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი საარჩევნო კომისიების წევრების მიუკერძოებლობაა. ამიტომ, როგორც მან გასაუბრებაზე თქვა, კომისიების წევრების პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით შერჩევას უმნიშვნელოვანეს გამოწვევად ხედავს.

“ჩვენ ვხედავთ ეუთო/ოდირის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დასკვნებში, ასევე IRI-ს და NDI-ს დასკვნებში, რომ ეს წლების მანძილზე მეორდება. ანუ შენიშვნა, რომ წევრები შერჩეულია აფილაციის ნიშნით და ვიღაცასთან დაკავშირებულია და არ არის მათ პროფესიულ უნარ-ჩვევებზე დამყარებული. ამიტომ მიმაჩანია, რომ პროფესიული უნარ-ჩვევებით შერჩევის პროცესი იქნებოდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაზეც მიმაჩნია, რომ ცესკომ უნდა იმუშაოს”, – განაცხადა ბეგიაშვილმა.

საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი დაინტერესდა, მისი ცოდნიდან გამომდინარე აქამდე რატომ არ აქტიუორობდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და რატომ გადაწყვიტა ახლა განაცხადის შეტანა. როგორც ბეგიაშვილმა განაცხადა, საქართველოში არ იმყოფებოდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით აღარ მუშაობდა, არჩევნები ყოველთვის მის ფოკუსში იყო.

“მსახიობებისგან მომისმენია, რომ თეატრის მტვერს თუ ერთხელ გადაყლაპავ, დამთავრებული ამბავია. მე ვთვლი, რომ არჩევნები არის ეგეთი პროცესი. კენჭისყრის დღე რომ იყო, ჩვენ ვათენებდით ხოლმე ღამეებს ცესკოში და კონსულტირება მიდიოდა. ამის დავიწყება არის შეუძლებელი. სხვა ადგილებში ვმუშაობდა, სხვა ტიპის დაწესებულებებსა და უცხო ქვეყნებში, მაგრამ არჩევნები იყო ის, რაც ყოველთვის მქონდა ფოკუსში.  ეს ისეთი თემაა, რომლის საქმის კურსში ყოველთვის უნდა იყო. ვერ დაივიწყებ და ვერ გაატარებ”, – განაცხადა ბეგიაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი ბონდო გასვიანია. ის ამჟამად თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.

მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარეობის სურვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურო მდგომარეობითა და იმ ცვლილებებითაა განპირობებული, რომელიც ცესკოში იგეგმება.

გასვიანი, რომელსაც აუდიტის სამსახურში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, ცესკოში ერთ-ერთ პრობლემად “ბიუჯეტის ხარჯვის რაკურსს” ასახელებს.

“მენეჯმენტის კუთხით ვფიქრობ განვახორციელო ისეთი ცვლილებები, რომელიც არის პრობლემური, რაც სახელმწიფო აუდიტის ბოლო დაკსვნებით დასტურდება: შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საოლქო კომისიებსა და რეგიონებში აღმოჩენილი დარღვევები. რაც ხელს უშლის არა მხოლოდ ადმინისტრაციის ფუნქციონირებას, არამედ არჩევნების პროცესსაც”, – განაცხადა მან.

ამასთან, საარჩევნო პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას.

“რაც შეეხება საარჩევნო თემატიკას, ჩემი პრაქტიკა და გამოცდილება უფრო მეტად მასმედიის საშუალებებზეა დაფუძნებული, საკნონმდებლო ნორმებზე, რომელსაც ვეცნობი. არჩევნებისთვის ყველაზე პრობლემური საკითხი არის ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლება”, – განაცხადა ბონდო გასვიანმა.


ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ჟვანიას შემცვლელს პარლამენტი ახალი წესით აირჩევს, რომლის მიხედვითაც პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (100 ხმით) უმრავლესობით. ორი მესამედით ვერ არჩევის შემთხვევაში პარლამენტი თავმჯდომარეს ირჩევს სამი მეხუდეთით(90 ხმით). სამი მეხუთედით ვერ არჩევის შემთხვევაში თავმჯდომარის არჩევა ხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით).

თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, სხვა შემთხვევაში − 6 თვე. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, მხოლოდ “ქართული ოცნება” ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლით ვერ აირჩევს.

ცესკოს ახალ თავმჯდომარეს 5 წლით მხოლოდ “ოცნება” ვეღარ აირჩევს

მასალების გადაბეჭდვის წესი