ახალი ამბებისაზოგადოება

ისტორიკოსი რუსთაველის ფონდს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, ფონდი უარყოფს

15 ივლისი, 2021 • 7501
ისტორიკოსი რუსთაველის ფონდს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, ფონდი უარყოფს

ქართველი ისტორიკოსი ბექა კობახიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და მის ხელმძღვანელს, მის მიერ წარსულში გამოქვეყნებული რეცენზიისა და მოსაზრებების გამო, დასჯასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ბექა კობახიძის განცხადებით, ფონდმა სრულიად უკანონოდ მოსთხოვა პასპორტში ჩარტყმული მთელი წლის საზღვრის კვეთების სკანირებული ასლების გადაგზავნა, მოსთხოვა, ოქსფორდის უნივერსიტეტისთვის მიეწერა, რათა მისთვის დაეთვალათ ოქსფორდში გატარებული დღეების რაოდენობა და საბოლოოდ დაავალდებულა 5500-ზე ლარზე მეტის უკან, ბიუჯეტში გადაგზავნა.

რუსთაველის ფონდის თანახმად, ბექა კობახიძის განცხადება, რომ მისი მიზანმიმართული დასჯა მიმდინარეობს, უსაფუძვლოა და ფაქტებს არ ემყარება.

“ეს არის პირადი ანგარიშსწორება”

ისტორიკოსი ბექა კობახიძე, რომელიც 2018 წელს რუსთაველის ფონდის სტიპენდიის ფარგლებში იმყოფებოდა ოქსფორდში პოსტსადოქტორო პროგრამით, სადაც მუშაობდა თემაზე “პარიზი 1919-1920: საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთის პოლიტიკაში”, რუსთაველის ფონდს დასჯაში, ხოლო ფონდის ამჟამინდელ დირექტორს, ჯაბა სამუშიას სამსახურეობრივი თანამდებობის პირადი ანგარიშსწორების მიზნით გამოყენებაში ადანაშაულებს.

ბექა კობახიძის განცხადებით, 2018 წლის 10 მაისს, ოქსფორდში ყოფნის პარალელურად, ჯაბა სამუშიას მიერ მომზადებულ აკადემიურ სტატიაზე გამოაქვეყნა კრიტიკული რეცენზია.

მოგვიანებით, როდესაც სამუშია ფონდის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, კობახიძე აცხადებდა, რომ “რადგან ფონდის მთავარი იდეა არის ქართველი მეცნიერებისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ინტერნაციონალიზაცია, არ შეიძლებოდა ფონდის ხელმძღვანელ თანამდებობაზე პოლიტიკურად ინიშნებოდეს ადამიანი, რომელმაც არცერთი უცხო ენა არ იცის, გარდა რუსულისა.”

“არ შეიძლება ფონდის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ინიშნებოდეს ადამიანი, რომელსაც დასავლურ სამეცნიერო ბაზებში არცერთი სტატია არ უფიქსირდება და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორ ფუნქციონირებს დასავლური აკადემიური სისტემა”, – აცხადებს ჯაბა სამუშიას შესახებ ბექა კობახიძე მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კობახიძის განცხადებით, მოგვიანებით სწორედ მის ამ პოზიციებს მოჰყვა ფონდის მიერ იმ დოკუმენტაციის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით გათვალისწინებული არ იყო.

რუსთაველის ფონდში საპასუხოდ ამბობენ, რომ კობახიძის განცხადება სამუშიასთან დკავშირებით “მოკლებულია რეალურ საფუძველს და არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს”, რადგან ფონდმა კობახიძესთან ანგარიშების წარმოდგენაზე კომუნიკაცია, ხოლო შემდგომში მისგან “ხელშეკრულებით გათვალისწინებული” დოკუმენტაციის გამოთხოვნა იმ დროს დაიწყო, როცა ჯაბა სამუშია მისი დირექტორი არ იყო. სამუშია ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2020 წლის 10 აგვისტოს დაინიშნა, თუმცა მანამდე გენდირექტორის მოადგილე იყო, მაგრამ ფონდის განცხადებით, დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი მის საკურატორო სფეროს არ წარმოადგენდა.

“უნდა დავითვალოთ, რამდენი დღე არ იყავი ოქსფორდშიო”

კობახიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მისი სასწავლო კონტრაქტი 2018 წელის 18 იანვრიდან მომდევნო წლის 18 იანვრამდე გრძელდებოდა, რაც დაფიქსირდა კიდეც მისი მენტორის მიერ შევსებულ ანგარიშში, თუმცა თავად კობახიძე საქართველოში 20 იანვარს დაბრუნდა, რადგან მანამდე საქართველოსკენ მომავალი ფრენები არ იყო, რუსთაველის ფონდმა ამის გამო მოითხოვა საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ასლები.

“ფონდმა სრულიად უკანონოდ მომთხოვა პასპორტში ჩარტყმული მთელი წლის საზღვრის კვეთების სკანირებული ასლების გადაგზავნა. არაფერ მსგავსს ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.

უნდა დავითვალოთ, რამდენი დღე არ იყავი ოქსფორდში, რომ არყოფნის დღეების ფული უკან დაგაბრუნებინოთო. არადა, ხელშეკრულება არაფერ მსგავსს არ ითვალისწინებს”, – აცხადებს ბექა კობახიძე.

კობახიძის განცხადებით, ფონდმა ოქსფორდისთვის წერილის გაგზავნა მოსთხოვა, სადაც უნივერსიტეტს უნდა დაეთვალა ისტორიკოსის მიერ ოქსფორდში გატარებული დღეები, რაზეც უნივერსიტეტმა პასუხი აღარ გამოაგზავნა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტისადმი ამგვარი მიმართვა სირცხვილია და ფონდმა ამ გზით დააზიანა არა მხოლოდ ისტორიკოსის რეპუტაცია, არამედ ქვეყნის და უშუალოდ ფონდის რეპუტაციაც. ფონდი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ ვინაიდან ფონდსა და ოქსფორდს შორის გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა პოსტდოქტორანტების 12-თვიანი ვიზიტი ოქსფორდის უნივერსიტეტში, დამატებითი საბუთების გამოთხოვა უხერხულობას არ წამოადგენს.

ნეტგაზეთმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მიმართა კითხვით, თუ როგორ ასაბუთებდნენ ისტორიკოს ბექა კობახიძისთვის გაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას, სადაც განაცხადეს, რომ კობახიძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მას მიზნობრივ ხარჯად უღიარეს 11 თვის სტიპენდია, ნაცვლად 12 თვისა, ხოლო ერთი თვის სასტიპენდიო თანხა 5582 ლარი, უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში.

რუსთაველის ფონდის პასუხი ვრცლად - დააკლიკეთ

“ფონდსა და გრანტის მიმღებ ბექა კობახიძეს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება 2017 წლის 28 ივლისს, რომელიც ითვალისწინებდა ერთი წლის მანძილზე ოქსფორდის უნივერსიტეტში კვლევით ვიზიტს, რისთვისაც გამოიყო 30000 გირვანქა სტერლინგი. ფონდის მიერ გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 100491 ლარი, რაც მოიცავს პროექტის განხორციელების ადმინისტრაციულ ხარჯს ოქსფორდის უნივერსიტეტისთვის (33497 ლარი) და ბექა კობახიძის 12 თვის სტიპენდიას (66994 ლარი).

აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების 3.6 მუხლის თანახმად, გრანტის მიმღების სტიპენდია ჩაითვლება ფაქტობრივ ხარჯად უნივერსიტეტში ფაქტობრივად ყოფნის პერიოდის პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში ფაქტობრივად ყოფნის პერიოდი შეადგენს არასრულ თვეს, გრანტის მიმღებს ფაქტობრივ ხარჯად ჩაეთვლება სრული თვის სტიპენდია.

ამავე ხელშეკრულების 3.7 მუხლის თანახმად, ვიზიტის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია, სხვაობა გადარიცხულ სტიპენდიასა და ხელშეკრულების 3.6 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ ხარჯს შორის დააბრუნოს გრანტის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

ამავე ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მენტორის მიერ დამოწმებულ ანგარიშის ფორმაში მითითებული თარიღები შეუსაბამო იქნება ორმხრივი მგზავრობის დამადასტურებელ დოკუმენტთან, ფონდი უფლებამოსილი იქნება, გრანტის მიმღებს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტი.

“ბექა კობახიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დადგინდა, რომ გრანტის მიმღები ოქსფორდის უნივერსიტეტში ფაქტობრივად იმყოფებოდა 10 თვისა და რამდენიმე დღის განმავლობაში და ხელშეკრულების 3.6 მუხლის თანახმად (გრანტის მიმღების მიერ ფონდში მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე), მას მიზნობრივ ხარჯად უღიარდა 11 თვის სტიპენდია. შესაბამისად, გადარიცხული 100491 ლარიდან სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 5582.83 ლარი.

შესაბამისად, ფონდის მიერ გადარიცხული 100491 ლარიდან მიზნობრივ ხარჯად აღიარებულ იქნა 94908.17 ლარი და დაბრუნებას ექვემდებარება 1 თვის სტიპენდიის თანხა, 5582.83 ლარი”, – წერია რუსთაველის ფონდის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.

“ბექა კობახიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დადგინდა, რომ გრანტის მიმღები ოქსფორდის უნივერსიტეტში ფაქტობრივად იმყოფებოდა 10 თვისა და რამდენიმე დღის განმავლობაში და ხელშეკრულების 3.6 მუხლის თანახმად (გრანტის მიმღების მიერ ფონდში მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე), მას მიზნობრივ ხარჯად უღიარდა 11 თვის სტიპენდია. შესაბამისად, გადარიცხული 100491 ლარიდან სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 5582.83 ლარი. შესაბამისად, ფონდის მიერ გადარიცხული 100491 ლარიდან მიზნობრივ ხარჯად აღიარებულ იქნა 94908.17 ლარი და დაბრუნებას ექვემდებარება 1 თვის სტიპენდიის თანხა, 5582.83 ლარი”, – წერია რუსთაველის ფონდის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.

ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ხელშეკრულების თანახმად, გრანტის მიმღების სტიპენდია ჩაითვლება ფაქტობრივ ხარჯად უნივერსიტეტში ფაქტობრივად ყოფნის პერიოდის პროპორციულად.  ანუ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში ფაქტობრივად ყოფნის პერიოდი შეადგენს არასრულ თვეს, გრანტის მიმღებს ფაქტობრივ ხარჯად ჩაეთვლება სრული თვის სტიპენდია. მისივე თქმით, ამ პუნქტზე დაყრდნობით, სტიპენდიის გაანგარიშება ხდება თითოეულ თვეზე და არა წელიწადზე.

“ფულის დაბრუნება გიწევს, თუ ზედიზედ თვეზე მეტი არ იყავი ოქსფორდში, რაც ჩემს შემთხვევაში არასდროს მომხდარა”.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ როგორ იანგარიშება სასტიპენდიო თანხა, ფონდში განგვიცხადეს, რომ “ოქსფორდში გატარებული დღეების ჯამური ოდენობა იანგარიშება ვიზიტის სრული პერიოდის განმავლობაში ოქსფორდში ფაქტობრივად ყოფნის დღეების დაჯამებით” და არა თითოეული თვის შესაბამისად.

ბექა კობახიძეს ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე გამოსვლა “არასაპატიოდ” ეთვლება

ბექა კობახიძის განცხადებით, 2018 წელს, ანუ ოქსფორდში ყოფნისას, პარალელურად მონაწილეობდა არაერთ კონფერენციასა და ფორუმში, რაც დაფინანსებული იყო უშუალოდ ამ ღონისძიებების ორგანიზატორების მხრიდან და არა რუსთაველის ფონდის მიერ, სადაც საუბრობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ და ამ გზით პოპულარიზაციას უწევდა ქვეყანასა და საქართველოს პირველ რესპუბლიკას.

 

 

კობახიძის თანახმად, ფონდი ამტკიცებს, რომ მეცნიერს არ ჰქონდა სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის უფლება და სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობა ეთვლება ხელშეკრულების დარღვევად, მათ შორის უშუალოდ რუსთაველის ფონდის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობა, რადგან ფიზიკურად არ იმყოფებოდა ოქსფორდში, რის გამოც ბიუჯეტში უნდა დააბრუნოს 5582 ლარი.

2018 წელს კობახიძე ნამყოფია რუსთაველის ფონდის მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაზეც, მათ შორის, 25-30 ივნისს გამართულ კონფერენციასა და საზაფხულო სკოლაში, სახელწოდებით, “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის”, სადაც წაიკითხა მოხსენება, და რუსთაველის ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივი კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 16 ივლისს.

ისტორიკოსი საკუთარ განცხადებას თან ურთავს წერილს, რომელიც მას ოქსფორდის უნივერსიტეტმა ფონდის მოთხოვნის საპასუხოდ გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ბექა კობახიძე “დაესწრო ყველა REES სემინარსა და 12-ვე ვახშამს, აგრეთვე  გამართა რამდენიმე ღონისძიება და წაიკითხა არაერთი მოხსენება.

შეკითხვაზე, კობახიძის მიერ ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება ეთვლება თუ არა მას “არასაპატიო” დღეებად, როდესაც ოქსფორდში არ იმყოფებოდა, ფონდში გვიპასუხეს, რომ დიახ, რადგან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გამონაკლისებს.

“მოგახსენებთ, რომ გრანტის მიმღებთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაანგარიშებისას გამონაკლისების დაშვებას, მათ შორის, ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით”, – წერია რუსთაველის ფონდის მიერ ნეტგაზეთისთვის გაგზავნილ წერილში.

ფონდში განაცხადეს, რომ ბექა კობახიძის თანხმობის შემთხვევაში, მზად არიან, გაასაჯაროოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის: ბექა კობახიძესთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება, გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და დოკუმენტაცია, ასევე, ყველა წერილობითი კომუნიკაცია ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის.

ასევე, ფონდის განცხადებით, მიუღებელია ბექა კობახიძის მხრიდან რუსთაველის ფონდის თანამშრომლის შეურაცხმყოფელი კომენტარებით მოხსენიება.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, ყოფილა თუ არა წარსულში შემთხვევები, რომ ოქსფორდის პოსტსადოქტორო პროგრამის მონაწილეთათვის მოეთხოვათ ის დოკუმენტაცია, რაც ფონდმა ბექა კობახიძეს მოსთხოვა, მაგალითად, საზღვრის კვეთის ჩანაწერების ასლები, ოქსფორდში გატარებული დღეების ოდენობის დამადასტურებელი ინფორმაცია და/ან მოეთხოვათ სასტიპენდიო თანხის უკან დაბრუნება, რუსთაველის ფონდში განაცხადეს, რომ წარსულში ასეთი ფაქტები ყოფილა, მათ შორის მომხდარა თანხის უკან დაბრუნებაც. საპირისპირო ინფორმაცია აქვს კობახიძეს. მისი განცხადებით, ოქსფორდის პოსტსადოქტორო პროგრამა 2015 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც წელიწადში 2 ან 3 ქართველი მეცნიერი მიდის და არავისთვის აქამდე არ მოუთხოვიათ ყველა საზღვრის კვეთის ასლი, არავისთვის დაუთვლიათ ოქსფორდში გატარებული დღეები და ფულის დაბრუნება არ მოუთხოვიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი