ახალი ამბები

ბუში: საქართველოსთვის MAP-ის მიცემაზე მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება მქონდა

15 ივლისი, 2021 • 3113
ბუში: საქართველოსთვის MAP-ის მიცემაზე მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება მქონდა

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის (2001-09), ჯორჯ ბუშის თქმით, მასსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უთანხმოება ეხებოდა საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანის სამოქმედო გეგმას (MAP). ამის შესახებ ბუშმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რა იყო მისი ყველაზე დიდი უთანხმოება ანგელა მერკელთან, ბუშმა ასე უპასუხა:

„ალბათ, უნდა მიგვეცა თუ არა საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანის სამოქმედო გეგმა (MAP). ის წინააღმდეგი იყო, არ მიაჩნდა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა, მე სხვანაირად ვფიქრობდი. მაგრამ ისე ვიქცეოდით, რომ ეს [უთანხმოება] პირადულში არ გადაზრდილიყო, რადგანაც პოლიტიკის გარდა მეგობრობა იყო“.


ჯორჯ უოკერ ბუში 2001-09 წლებში აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. იგი მხარს უჭერდა საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ხოლო 2005 წელს გახდა აშშ-ის პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი