ახალი ამბები

“პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

10 ივლისი, 2021 • 1723
“პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 3 პირს, რომლებიც 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების დროს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის არიან ბრალდებულნი. გადაწყვტილება სასამართლომ 10 ივლისს მიიღო.

სამივე მათგანი 2 დღით ადრე დააკავეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნისა და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ბრალდებით. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გასულ დღეებში სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ჯამში, 12 პირს, რომელთაც ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავებიან.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ფოტო გარეკანზე: სქრინი “რადიო თავისუფლების” ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი