როგორია ცხოვრება მარტოხელა დედისთვის, რომელიც 7 წელია პანიკური შეტევის გამო ქუჩაში მარტო ვერ გადის? სოხუმიდან დევნილი 31 წლის ნათიას ცხოვრება 24 წლის ასაკში კიდევ უფრო გართულდა. ქალს მძიმე მშობიარობის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემა – გარეთ გასვლის პანიკური შიში დაეწყო. ქუჩაში გასასვლელად მას ახლო მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა უწევს. ქუჩაში გასვლის შიშის გამო ნათია ვერც სამსახურს იწყებს. დედა-შვილის ყოველთვიური სოციალური დახმარება 130 ლარია, საიდანაც ბინის ქირასაც იხდიან.
დევნილობა
აფხაზეთის ომის დროს, როდესაც სოხუმიდან, საკუთარი სახლიდან გამოქცევა მოგვიწია, 2 წლის ვიყავი. საცხოვრებელი რამდენჯერმე შევიცვალეთ. ძირითადად სენაკში ვიყავით, სხვადასხვა შენობაში, მათ შორის სკოლაშიც ვცხოვრობდით. მთელი ჩემი ბავშვობა განსაცდელით იყო სავსე.
ძალადობა ოჯახში
ოჯახში ძალიან რთული ცხოვრებისა და პირობების გამო 22 წლის ასაკში გათხოვება ერთადერთ გამოსავლად მეჩვენებოდა. უსახსრობის გამო უნივერსიტეტში მეორე კურსი ვეღარ დავამთავრე.
ქორწინების შემდეგ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო დიდ კოშმარად იქცა. ორსული ყოველ ღამე ფანჯარასთან ვიდექი და ვტიროდი. ქმარს ველოდი, რომელიც მეგობრებთან ერთობოდა და სახლში არ მოდიოდა. როგორც კი რამე პრეტენზიას გამოვთქვამდი, მაშინვე იწყებოდა ყვირილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ერთ-ერთი მორიგი კამათის შემდეგ, გარეთ, სკვერში დამეძინა ორსულს და დილით მეეზოვემ გამაღვიძა.
რამდენიმე წლის წინ ჩემი ქმარი საპატიმროში მძიმე ბრალდებით მოხვდა და 17 წელი მიუსაჯეს. ახლა ქსანშია და მის სანახავად ვერც მივდივარ.
პოსტსამშობიარო ტრავმა და გარეთ გასვლის შიში
თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმების დაუდევრობის გამო რვასაათიანი მშობიარობის დროს ჩემი გადარჩენის შანსები თითქმის აღარ არსებობდა. მაგრამ გადავრჩი. მოგვიანებით სეფსისი დამეწყო. ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი არც მაშინ ჰქონდათ. ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ ყველა ჩასუნთქვა უკანასკნელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მხოლოდ ღმერთს ვევედრებოდი, რომ ჩემი შვილი დედის გარეშე არ დაეტოვებინა. კლინიკაში ყოფნის დროს, ერთ ღამეს, კარგად გავხდი, რამაც ექიმებიც კი გააკვირვა.
ყველაფერი კი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ დაიწყო, როდესაც მეტროში პირველი პანიკური შეტევა მქონდა. უკვე შვიდი წელი ხდება, რაც სახლიდან მარტო ვერ გავდივარ, მეშინია. ამის გამო არც სამსახური მაქვს. გადაუდებელი საჭიროების დროს ახლო მეგობარს ვთხოვ ხოლმე, გამყვეს. თან ხშირად ვერ ვაწუხებ მეგობრებსაც, ყველას თავისი საქმე აქვს დღის განმავლობაში. როდესაც დევნილთა სამინისტროში ბინის საკითხებზე მიწევდა სიარული, ჩემი მეგობრები შეწუხებული მყავდა, გაყოლას ვთხოვდი. უცხო ადამიანს ვერ ვენდობი, აუცილებლად ახლობელი უნდა იყოს, რომ მასთან ერთად გასვლა შევძლო ქუჩაში.
რამდენჯერ მიფიქრია, აი, გავალ ახლა, რა მომივა ვითომ, ხომ არ მოვკვდები, მაგრამ არა, წარმოუდგენლად მეჩვენება ეს. ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გამიელვა თავში, რომ იმ დღეს შევძლებდი მარტო გასვლას და მართლაც გავედი, სახლიდან შორს. დღემდე არ ვიცი, როგორ მოხდა ეს. მას შემდეგ მსგავსი შემთხვევა აღარ ყოფილა.
ჩემი 7 წლის შვილი მეკითხება ხოლმე, დე, მართლა გეშინია გარეთ გასვლის? არ ვიცი, რა ვუპასუხო.
ამ წლების განმავლობაში ფსიქოლოგთან ვიზიტი ერთხელ მოვახერხე, სპეციალური პროგრამით ვიყავი, ანტიდეპრესანტები გამომიწერეს, მაგრამ ვერ ვიყიდე.
ახლა უკვე ვხვდები, რომ ვეღარ ვუმკლავდები პრობლემებს, ამ ცხოვრებას, გათენებაც მძულს, როცა ვიცი, რომ მოვალეები დამირეკავენ და მე ვერ ვუპასუხებ.
ყველა მეუბნება, ძლიერი ხარ და ყველაფერს გაუძლებო, მაგრამ არ ვიცი, გავუძლებ კი?! სუიციდზეც მეფიქრება ხოლმე, განა მინდა სიკვდილი, უბრალოდ მეფიქრება, მაგრამ ჩემს 8 წლის შვილზე ვფიქრობ, სად და როგორ იქნება უჩემოდ.
ბინიდან გამოსახლების საფრთხე
ბინაში, სადაც ახლა მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ, 350 ლარს ვიხდი. თვიდან თვემდე მეგობრები ან ნაცნობები 10-20 ლარს მიგროვებენ, რომ თანხის სრულად გადახდა შევძლო. ამის გამო ძალიან მრცხვენია ყველასი, ვისაც ვაწუხებ. ამ თვის ფული ჯერ არ გადამიხდია. სახლის პატრონი გუშინ მირეკავდა და ვერ ვუპასუხე, რა ვუთხრა, არ ვიცი…
პანდემიამდე სახლში ინგლისურს ვასწავლიდი მოსწავლეებს, ახლა მხოლოდ ერთი მოსწავლე შემომრჩა და ისიც, ზაფხულში აღარ დადის.
დევნილობის შემწეობა და სოციალური დახმარება
როდესაც ჩემი შვილი 4 წლის იყო, ქმარს გავშორდი და ბინის ქირისთვის დევნილობის შემწეობა 1000 ლარი წინასწარ გამოვიტანე. სოციალური დახმარება და კვების ვაუჩერი, რომლითაც მე და ჩემი შვილი ვსარგებლობთ, 170 ლარია. აქედან დევნილობის 45 ლარი იქვითება. უკვე რამდენიმე წელია ვიხდი ამ ვალს და მაინც არ მცირდება.
ჩემი დედ-მამა სენაკში ცხოვრობს. მამა მეორე ჯგუფის ინვალიდია, აფხაზეთის ომში იბრძოდა და პარკინსონი აქვს, ბოლო ხანებია ხელ-ფეხი წაერთვა. ჩემი მდგომარეობის შესახებ არ იციან. ეს რომ გაიგონ, ალბათ, ვერც გადაიტანენ. და მყავს, რომელიც მშობლებს ეხმარება და ჩემს შვილს სასკოლო ნივთებს და ტანსაცმელს უგზავნის შეძლებისდაგვარად. სხვა ახლობელი არავინ მყავს. ქმრის დაპატიმრების შემდეგ მისი ოჯახიც სახლის გარეშე დარჩა, რადგან ადვოკატის გამო სახლის გაყიდვა მოუწიათ.
ბინა, რომელიც დევნილთა სამინისტრომ ოჯახს “გადასცა”
დევნილთა სამინისტრომ 2021 წლის გაზაფხულზე თანაგახადის პროგრამის ფარგლებში [21 000 ლარამდე] ბინა შემიძინა, თუმცა თანხა, 25 ათასი ლარი, რომელიც თავად უნდა დამემატებინა ბინის მეპატრონისთვის, ვერ გადავიხადე. ბინის მესაკუთრეს სამინისტრომ თანხა ჩაურიცხა და ბინა ჩემზე გადმოაფორმეს. თუმცა ამ ბინით მე ვერ ვისარგებლებ, რადგან თანხა ბოლომდე არ არის გადახდილი. ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, სამინისტროს აღარ აინტერესებს.