ახალი ამბები

თალიბანმა პროვინციულ დედაქალაქზე შეტევა დაიწყო

7 ივლისი, 2021 •
თალიბანმა პროვინციულ დედაქალაქზე შეტევა დაიწყო

თალიბანმა პროვინციულ დედაქალაზე – ქალა ნაუზე შეტევა წამოიწყო.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რომ ამერიკის ჯარები ქვეყანას დატოვებდა, თალიბანმა შეტევა დიდ საქალაქო დასახლებაზე წამოიწყო.

აქამდე თალიბანი მხოლოდ რაიონული დასახლებების მიმართულებით იბრძოდა.

პროვინცია ბადღის დედაქალაქზე – ქალა ნაუზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანმა ქალაქის გარშემო რაიონების უმეტესობის დაკავება მოახერხა.

გამოცემა Al-jazeera ავრცელებს პროვინცია ბადღის მმართველის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რომლის თანახმადაც ბრძოლები ქალაქში მიმდინარეობს.

ბრძოლების დაწყების პარალელურად, მოსახლეობა ქალაქს ტოვებს. ციხიდან გაიქცა 200-მდე პატიმარიც.

მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ნაწილები ქვეყანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე დატოვებდნენ, ავღანეთში განახლდა ტერაქტებისა და სამთავრობო ძალებზე თავდასხმების შემთხვევები.

ბრძოლების განახლების შემდეგ სამთავრობო ძალებმა თალიბანის სასარგებლოდ დათმეს ქვეყნის 50-ზე მეტი რაიონი.

ამერიკულმა ძალებმა უკვე დატოვეს ბაგრამის სამხედრო ბაზა და აეროდრომი. ამერიკული ძალების გასვლის პარალელურად, ქვეყანას ტოვებს ნატოს წევრი ქვეყნებისა და მოკავშირეების ძალებიც.

ქვეყანა დატოვა ქართულმა კონტიგენტმაც.

ავღანეთში განვითარებული გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის სტატია არქივიდან:

რა ბედი ელის ავღანეთს ნატოს ჯარების გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი