ახალი ამბები

რა ბედი ელის ავღანეთს ნატოს ჯარების გარეშე

19 მაისი, 2021 • 5963
რა ბედი ელის ავღანეთს ნატოს ჯარების გარეშე

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ამერიკული ძალები ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

ვაშინგტონის გადაწყვეტილების პარალელურად, მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს ავღანეთში მყოფი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობებიც, მათ შორის- საქართველოც.

ამ სტატიაში ვცდილობთ აღვწეროთ ის ვითარება, რაც ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა ავღანეთში, ასევე, რას უნდა ველოდოთ ავღანეთში მას შემდეგ, რაც მას ნატოს ჯარები დატოვებენ.

ბაიდენის გადაწყვეტილება

“ჩვენ არ შეგვიძლია გავახანგრძლივოთ ან გავაფართოოთ ავღანეთში სამხედრო წარმომადგენლობის ციკლი იმ იმედით, რომ შევქმნით იდეალურ პირობებს გამოსვლისთვის და მივიღებთ განსხვავებულ შედეგებს.

მე ვარ ამერიკის მეოთხე პრეზიდენტი, ვინც მეთაურობდა ავღანეთში ამერიკის ჯარების ყოფნას. 2 რესპუბლიკელი და 2 დემოკრატი. მე არ გადავაბარებ ამ პასუხისმგებლობას მე-5 პრეზიდენტს.

ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ, მივიჩნევ, რომ ახლა დროა დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა ამერიკელი ჯარისკაცები დაბრუნდნენ სახლებში”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო ეთერით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ბაიდენის თქმით, კონსულტაციები გაიარა ყველა მხარესთან, მათ შორის- ავღანეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, საგარეო დაზვერვასთან და სენატთან და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიიღო.

ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებსაც აქვთ გადაწყვეტილი ავღანეთის დატოვება და ამას პირველი მაისიდან დაიწყებენ.

ავღანეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო საქართველომაც, რომელიც ავღანეთს ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად დატოვებს.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანმა განაცხადა, რომ პატივს სცემს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ითანამშრომლებს პარტნიორებთან.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებას მკვლევართა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმომხილველთა მხრიდან მოჰყვა არაერთი კრიტიკული შეფასება, რომ ავღანეთის დატოვების შემდეგ ქვეყანაში კვლავ სამოქალაქო დაპირისპირება და ქაოსი დაიწყებოდა.

რას უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც ნატო ავღანეთს დატოვებს?

“ავღანეთის ომი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომია. ის დაიწყო 2001 წლის სექტემბერში, 9/11-ის ტერაქტის გამოძახილით და დღემდე გრძელდება. როგორც ხშირად ამბობენ, უკვე ვეღარავინ იგებს, თუ რატომაა ამერიკა ავღანეთში. ბაიდენი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ავღანეთიდან გამოსვლა სურს. ეს სურდა ობამასაც და ტრამპსაც, თუმცა ეს მათ ვერ შეძლეს, რადგან მაშინ ამაზე პასუხი იყო, რომ თუ ამერიკა ქვეყანას დატოვებდა, მაშინ ავღანეთი დაეცემოდა”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ხატიაშვილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას.

“ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოჭრა საკითხი, თუ რამდენი ხანი უნდა დარჩენილიყო ამერიკა ავღანეთში და რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა ამას. ვაშინგტონმა ტრილიონობით დოლარი დახარჯა ავღანეთში, მაგრამ ახლაც მთავრობა მხოლოდ დაახლოებით [ავღანეთის ტერიტორიის] 30 პროცენტს აკონტროლებს”, – აგრძელებს ხატიაშვილი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ნატოს ეს ნაბიჯი ნიშნავს თუ არა იმას, რომ დასავლეთი ტოვებს ავღანეთს, როგორც გეოპოლიტიკურ სივრცეს, გიორგი ხატიაშვილი პასუხობს, რომ მიუხედავად დიპლომატიური და ფინანსური მხარდაჭერისა, რომლის შენარჩუნებაზეც ნატოს წევრი ქვეყნები საუბრობენ, ალიანსის ქვეყნიდან გასვლა მაინც სივრცის დატოვების ნიშანია.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისიტი გიორგი ხატიაშვილი 

შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი დატოვებს ავღანეთის სივრცეს, ვინ შეეცდება “გეოპოლიტიკური ვაკუუმის შევსებას”, იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი თუ სხვა, გიორგი ხატიაშვილის განცხადებით, ამგვარ ვაკუუმის შევსების ყველაზე დიდი შანსი პაკისტანს აქვს.

“თალიბების მთავარი მხარდამჭერი პაკისტანი იყო. ამერიკელები ხშირად ამბობენ, რომ პაკისტანმაც უნდა შეწყვიტოს ავღანეთის დესტაბილიზაცია. ავღანეთსა და პაკისტანში ერთი ხალხი – პაშტუნები ცხოვრობენ და ესეც ერთ-ერთი უპირატესობაა პაკისტანისთვის. გარდა ამისა, გავლენის მოპოვებას სხვებიც შეეცდებიან, თუმცა ყველაზე დიდი უპირატესობა ჯერჯერობით პაკისტანს აქვს”, – ამბობს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, იქნება ეს უბრალოდ ბრძოლები თუ მიიღებს ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის სახეს, თალიბებს ხელს არ აძლევს მოლაპარაკებების ფორმატში გადასვლა. “თალიბები გააგრძელებენ ქაბულზე წინსვლას. შესაძლოა ეს არ იყოს ძალიან სწრაფად, თუმცა მიზანმიმართულად ისინი გააგრძელებენ შეტევებს”, – ამბობს ხატიაშვილი.

“ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად საჭიროა, რომ ერთ-ერთმა მხარემ მიაღწიოს გამარჯვებას. თუ ეს თალიბები იქნებიან, ჩვენ მივიღებთ ველურ სამხედრო დესპოტიზმს, თუმცა ისიც გაუმართავი იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში მცხოვრები ტაჯიკები და უზბეკებიც წლების განმავლობაში შეიარაღდნენ და მათთან ურთიერთობებიც არ იქნება ადვილი. აქ არ არის საუბარი დემოკრატიაზე”, – განაცხადა გიორგი ხატიაშვილმა.

ბოლოდროინდელი ვითარება ავღანეთში

ბაიდენის განცხადების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის და მოკავშირეების ძალები მთლიანად არ არიან გამოსული ქვეყნიდან, ავღანეთში გახშირდა ტერაქტები და სამთავრობო ძალებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის შეტაკებები.

ნატოს ძალების გაყვანის დაწყების თარიღამდე [პირველი მაისის] ერთი დღით ადრე, ავღანეთში აფეთქდა მანქანა, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაახლოებით 90 კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან სტუდენტებიც.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია არცერთ მხარეს.

მოგვიანებით, 8 მაისს, ქაბულში აფეთქება მოხდა გოგონათა სკოლის შენობასთან, რასაც 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა კი 11-დან 15 წლამდე გოგონები იყვნენ.

არც ამ ტერაქტზე აუღია რომელიმე შეიარაღებულ ჯგუფს პასუხისმგებლობა, თუმცა, ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ტერაქტი თალიბანის მოწყობილი იყო. მეორე მხრივ, თალიბანმა უარყო ტერაქტთან კავშირი და განაცხადა, რომ მისი განხორციელება მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოს შეეძლო, რომლის ქსელი ავღანეთშიც მოქმედებს.

პრეზიდენტ აშრაფ ღანის განცხადებით, თალიბანს არ შეუძლია დაუპირისპირდეს უსაფრთხოების ძალებს ბრძოლის ველზე და ამის გამო ბოროტულად და ბარბაროსულად ესხმის ისეთ საჯარო დაწესებულებებს, როგორიცაა გოგონათა სკოლა.

გოგონათა სკოლის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა პროცესია ქაბულში შიიტთა უბანში. ფოტო:REUTERS 

12 მაისს ავღანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ თალიბანმა დაიკავა ქაბულიდან 25 კილომეტრით დაშორებული სტრატეგიული დასახლება, სახელად ნირხი.

დასახლების აღების მეორე დღეს, რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით, მხარეები სამ-დღიან ზავზე შეთანხმდნენ.

ზავის ამოქმედების მეორე დღეს ქაბულში მეჩეთში ტერაქტს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა.

16 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჰელმანდის პროვინციაში ბრძოლები დაიწყო მთავრობის ძალებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის.

ავღანეთის მთავრობის განცხადებით, შეტევა თალიბანმა დაიწყო, თალიბანის წარმომადგენლების თქმით კი, ოპერაცია სამთავრობო ძალებმა დაიწყეს.

დაპირისპირების პარალელურად, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის დოჰაში გაიამართა მოლაპარაკებები. “შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ”, – განაცხადა თალიბანის მხარემ დოჰას მოლაპარაკებებზე საუბრისას.

ამ დროისთვის თალიბანი აბსოლუტურად ან ნაწილობრივ, ქვეყნის ტერიტორიის 70 პროცენტს აკონტროლებს, თუმცა დიდი ქალაქების უმრავლესობა მთავრობის კონტროლქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი