ახალი ამბები

შსს-ს თქმით, 5 ივლისს 3 200 პოლიციელი ჰყავდათ მობილიზებული, 6-ში კი – 3 ათასი

7 ივლისი, 2021 • 1246
შსს-ს თქმით, 5 ივლისს 3 200 პოლიციელი ჰყავდათ მობილიზებული, 6-ში კი – 3 ათასი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აჯამებს თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

შს მინისტრის მოადგილის – ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე, რა დროსაც მედიის 50-მდე წარმომადგენელს დაესხნენ თავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 200 პოლიციელი ჰყავდა მობილიზებული, 6 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისა და კონტრაქციის ერთმანეთისგან გასამიჯნად შსს-ს 3 000 თანამშრომელი იყო გამოსული.

დარახველიძის თქმით, 5 ივლისს ინციდენტების თავიდან აცილება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფები უმართავები გახდნენ და დაპირისპირების კერები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე გაიშალა:

“5 ივლისს ჩვენ ველოდებოდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ ეთქვათ, საიდან დაიწყებოდა მსვლელობა და, შესაბამისად, ჩვენ 3200-მდე პოლიციელი გვყავდა ქალაქის მასშტაბით მობილიზებული. ისინი გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე იქ, სადაც შეკრებილი იყვნენ კონტრდემონსტრანტები. ეს იყო დედაენის ბაღი, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ასევე, ფილარმონია. ასევე, დამატებით გამოყვანილი იყო სპეციალური დანიშნულების ძალები, რომლებიც სარეზერვო ძალები იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში მოახდენდნენ შესაბამის რეაგირებას.

დილის 10 საათზე პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფი გახდა აგრესიული და დაიწყო კარვების დაშლა და მასმედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა. ჩვენ იქ გვყავდა საკმარისი საპოლიციო ძალა მობილიზებული, რომელიც საჭირო იყო იმ ტიპის აქციის სამართავად, რაც დაანონსებული იყო. თუმცა იმის გამო, რომ ჯგუფი გახდა უმართავი, ჩვენ დამატებით მოვახდინეთ საჭირო საპოლიციო ძალის მობილიზება, მოხდა ჟურნალისტების ადგილიდან გაყვანა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება”, – ამბობს შს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, “სირცხვილიას” ოფისთან, სადაც ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტიდან გადაინაცვლეს და შეჭრა სცადეს, პრევენციული მიზნებისთვის პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ჰყავდათ მობილიზებული, თუმცა, არა იმ რაოდენობით, რომ ამ ჯგუფის გაკონტროლება მოეხერხებინა:

“ამის შემდეგ რამდენიმე წუთში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯგუფმა გადაინაცვლა “სირცხვილიას” ოფისთან. ეს არის სულ რამდენიმე მეტრში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ წინასწარ გვყავდა რამდენიმე ეკიპაჟი განთავსებული იმ ტერიტორიაზე. თუმცა იმ მასას, რაც დაიძრა, ეს ჯგუფი ვერ გააკონტროლებდა. ჯგუფი არ შეიჭრა სადარბაზოში, არ შესულა “სირცხვილიას” ოფისში. მხოლოდ რამდენიმე სართული დაიკავეს, თუმცა მოხდა შესაბამისი სარეზერვო ძალებიდან დამატებითი ჯგუფების მობილიზება.

ჯგუფი გამოვიყვანეთ სადარბაზოდან. დაშავდა ჟურნალისტი, რაზეც დაწყებულია გამოძიება. ეს ჯგუფი გაიშალა მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც პოლიციას უწევდა რეაგირება უკვე მომხდარ ინციდენტებზე. ისინი შეიკრიბნენ ვაკეში, მრგვალ ბაღთან, ასევე- საბურთალოზე, გახოკიძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, ისინი იჭრებოდნენ პრაიდის ოფისში ახვლედიანის ქუჩაზე და გადაადგილდებოდნენ მთლი ქალაქის მასშტაბით. ასევე, რამდენიმე არასამთავრობოდან და ტელეკომპანიიდან მივიღეთ შეტყობინება, მათზე იგეგმებოდა თავდასხმა”, – ამბობს დარახველიძე.

რაც შეეხება 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ ძალადობის საწინააღმდეგო აქციას და ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქციას, დარახველიძე აცხადებს, რომ ამჯერადაც შსს-მ 3000-მდე პოლიციელის მობილიზება შეძლო, თუმცა ამჯერად საპოლიციო ძალები ერთ წერტილში, რუსთაველის გამზირზე იყო განლაგებული:

“6 ივლისის ღონისძიება დაიგეგმა სრულიად სპონტანურად. ორი სხვადასხვა ჯგუფი შეიკრიბა პარლამენტის წინ, სადაც პოლიციას ჰქონდა დავალება, ერთი მხრივ, არ მომხდარიყო ჯგუფებს შორის დაპირისპირება. 3000-მდე თანამშრომელი გამოყვანილ იქნა ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცოცხალი ძალით იქნა გამიჯნული ორივე აქცია.

6 საათის განმავლობაში პოლიცია, მათ შორის სპეციალური დანიშნულის ძალები, რომლებიც ადგილზე იყვნენ გამოსულები, უზრუნველყოფდნენ ამ პირების უსაფრთხოების დაცვას და თქვენ ნახეთ, რომ არცერთი შემთხვევა არ მომხდარა, როცა კონტრდემონტრანტებს და დემონსტრანტებს შორის შეჯახება მოხდა” ,- ამბობს შს მინისტრის მოადგილე.

გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილემ თბილისი პრაიდის ორგანიზებულ ორ სხვა ღონისძიებაზეც ისაუბრა, რომელიც 1 და 3 ივლისს გაიმართა. მისი თქმით, ერთ შემთხვევაში ადგილზე 650-მდე, მეორე შემთხვევაში კი – 850 პოლიციელი იყო. დარახველიძე განმარტავს, რომ ორივე ღონისძიების შემთხვევაში შსს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა პრაიდის ორგანიზატორებს, 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშზე კი ვერ მოახერრხა მისი მასშტაბების და ფორმატის გათვალისწინებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი