Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ჩემს მომავალს საქართველოში ვხედავ – აზერბაიჯანიდან დევნილი მწერლის ამბავი

8 ივლისი, 2021 • 8301
ჩემს მომავალს საქართველოში ვხედავ – აზერბაიჯანიდან დევნილი მწერლის ამბავი

 


გუნელ მევლუდი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მწერალია, რომელიც ქვეყნიდან რამდენიმე წლის წინ, ილჰამ ალიევის ხელისუფლების კრიტიკისა და, შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი დევნის გამო, ოჯახთან ერთად საქართველოში ემიგრირდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ კი აზერბაიჯანელებისთვის საქართველო ნაკლებად უსაფრთხო გახდა. იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახს არ მისცა ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების უფლება და გუნელ მევლუდის ოჯახი ქვეყნისთვის საფრთხედ დაასახელა, იძულებული გახდა, ქმართან და შვილებთან ერთად დროებითი თავშესაფარი დასავლეთში, კერძოდ ნორვეგიაში ეპოვა, სადაც ამჟამად ცხოვრობს. გუნელ მევლუდი თბილისში, წიგნის ფესტივალზე უკვე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, სადაც პრეზენტაცია გაიმართა მისი ავტობიოგრაფიული რომანის  “გოგონა ყარაბაღიდან”, რომელიც ყარაბაღიდან დევნილების ცხოვრებაზეა. გუნელ მევლუდს სასაუბროდ თბილისში შევხვდით.

 


 

“გოგონა ყარაბაღიდან”

“ომი ამორალურია. ის ადამიანებს არა მხოლოდ ფიზიკური ტანჯვისთვის წირავს, არამედ ადამიანების მორალური დეგრადაციის საწინდარია” ,- ეს არის ჩემი წიგნის მთავარი სათქმელი. 

აქ ყურადღების ცენტრში მოქცეულია ადამიანი და კარვების ქალაქში ჩვენი ცხოვრების ამბავი. წიგნი არ არის ვინმეს მიმართ სიძულვილის შესახებ. მე არც იმას არ განვიხილავ, ვინ იყო დამნაშავე და ვინ არა. არც სამხედრო მოქმედებებზე ვწერ. მკითხველი უბრალოდ იგებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეირაღებული კონფლიქტი დაიწყო და ათასობით ადამიანი დევნილი გახდა. 

“კარვების ქალაქში განცდილი ამბები, იქ მცხოვრები ადამიანები, შიდა წესები და ყოველივე ის, რისი მომსწრე და მონაწილეც გავხდი, მათ შორის, რაც უნდა გასაკვირი იყოს, იმ ცხოვრების რაღაც განსაკუთრებული სილამაზეც კი, ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა”. 

მკითხველი შეხვდება ადამიანებს, რომლებიც სადავო თეფშის გამოც კი მზად არიან დაუპირისპირდნენ სხვას, რადგან იქ მხოლოდ  ერთი თეფში არსებობს. 

“კარვების მასპინძლები ფინჯნებში ჩაის ასხამდნენ, ზოგს სახლიდან ღვეზელები ან კანფეტები მოჰქონდა, ზოგი მაგიდაზე დაჭრილ საზამთროს ალაგებდა. ბიჭები ოთახის უკანა მხარეს სხდებოდნენ, თუმცა დროდადრო დაჟინებული მზერით იმ გოგონებს მოუსხდებოდნენ გვერდით, რომლებიც მოსწონდათ. გოგონების მშობლები და ძმები ასეთი საღამოების დროს მსგავს ფლირტზე არ რეაგირებდნენ, რადგან ყველა დაკავებული იყო ფილმის ყურებით. ეკრანზე კი, როგორც ხდება ხოლმე, სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებდა, სიყვარული –  სიძულვილზე. ეს ყოველივე სულ ცოტათი მაინც აფერადებდა ჩვენს განსაცდელით სავსე არსებობას.

როგორც კი ფილმი დასრულდებოდა, ადამიანები, რომლებიც იქამდე მზად იყვნენ, რიგში ერთმანეთი გაელანძღათ ადგილის, პლასტმასის ბოთლის ან ძველი საბნის გამო, ახლა ერთმანეთს ჩაით, ხილითა და სიგარეტით უმასპინძლდებოდნენ, უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ომისა და ტანჯვისგან გასასტიკებულ და შეშლილ ადამიანებს ხელოვნება, თუნდაც ასეთი პრიმიტიული, უფრო ადამიანურსა და რბილს ხდიდა ხოლმე. იმ წლებში მხოლოდ ინდურ კინოში ვხედავდით სიყვარულს, თანაგრძნობას და სიკეთით სავსე ადამიანურ ურთიერთობებს”, – ამონარიდი წიგნიდან “გოგონა ყარაბაღიდან”. 

მე არ ვსაუბრობ აქ პოლიტიკაზე, ხელისუფლებაზე, თუმცა მკითხველი გრძნობს ამ პოლიტიკას ადამიანების ცხოვრების ხარისხით. მკითხველს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვა, სად წავიდა ის მილიონები, რომელიც დევნილებისთვის იყო გამოყოფილი, რატომ ლპებოდნენ ეს ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში მზისგან გაცვეთილ კარვებში, მაშინ, როდესაც დედაქალაქი შენდებოდა… ბევრი ადამიანი, უფრო მეტად კი მოხუცები, ზაფხულში აუტანელი მზის,  ზამთარში კი ყინვის დროს ჩემ თვალწინ იღუპებოდა. 

12 წლის ვხდებოდი, როდესაც ამ კარვებში ცხოვრება დავიწყეთ და 17 წლის ვიყავი, როდესაც მამამ, რომელიც რუსეთში სამუშაოდ იყო წასული, ცალკე ბინა იყიდა და გადავედით. წლების შემდეგ კი ამ კარვების ქალაქში დავბრუნდი, უკვე როგორც ჟურნალისტი. 

ჩემი წიგნის დასასრულიც ამის შესახებაა, ემოციური და დოკუმენტური. იმ დროს პრესაში გამოქვეყნდა სტატია იმასთან დაკავშირებით, რომ დევნილების ქალაქში უკანასკნელი კარვების დემონტაჟი მიმდინარეობდა. მე იქ ჟურნალისტად ჩავედი. ჩასულმა ვნახე, რომ ჩვენი ყოფილი მეზობელი წვავდა ზუსტად იმ კარავს, რომელშიც ვცხოვრობდით. ამის დანახვისას ვიფიქრე, რამდენად მყიფეა ჩემი წარსული, რომ ერთი ასანთის ღერითაც კი შეიძლება მისი დაწვა. 

35 წლის ასაკში სამჯერ გავხდი დევნილი – ყარაბაღიდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, საქართველოდან კი ნორვეგიაში გაქცევა მომიწია. 

ყარაბაღის პირველი დევნილები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არასოდეს მოქცეულან. თუმცა მაშინ სხვა დრო იყო, ტექნოლოგიები არ იყო განვითარებული, როგორც დღეს, როდესაც თბილისში, ოფისში კომპიუტერთან ჯდომით სულ რაღაც ერთ საათში შეგიძლია სხვა ქვეყნიდან რეპორტაჟის მომზადება. მაგრამ ეს ხომ არ ცვლის იმას, რომ 90-იან წლებში ჩვენი, ადამიანების ბედი ზუსტად ასეთივე და შეიძლება უარესიც ყოფილიყო.. 

საქართველოში 

საქართველოში ნორვეგიიდან წიგნის ფესტივალზე, ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე, მწერლის რანგში მოწვევით ჩამოვედი. ნორვეგიაში ჯერჯერობით რეზიდენტად ვცხოვრობ, შესაძლოა, მოქალაქეობაც მომანიჭონ.

საქართველოში სულ სამი წელი ვიცხოვრე, თუმცა ბინადრობის მოწმობა არ მომცეს კანონის იმ პუნქტის შეაბამისად, რომ “ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოვადგენ”. 

იმ წლებში ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა თბილისში, თითქოს ყველა აქ შეიკრიბა იმისთვის, რომ დალოდებოდა, რა მოხდებოდა. დაახლოებით 30-მდე ადამიანი იყო, ვისაც ახლოს ვიცნობდი. მაშინ  საქართველო ჩვენთვის, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის, ხელოვანებისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის გარკვეული თავშესაფარი გახდა. 

თუმცა აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველოში თავს ვეღარ ვგრძნობდით უსაფრთხოდ. თითქმის ყველა ევროპაში გაემგზავრა. 

 

ნორვეგიაში

ნორვეგიაში, როგორც მწერალს, ბევრი გამოსვლა მიწევს. ვკითხულობ საკუთარ ნაწარმოებებს და პოეზიას მშობლიურ ენაზე, რომელსაც შემდეგ ნორვეგიულად უთარგმნიან მსმენელს. 

გარდა ამისა, ვყვები სამხრეთ კავკასიაზე, ჩვენს ხალხებზე, მათ კულტურაზე, განსხვავებებზე და ა.შ. იქ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქალთა მიმართ დამოკიდებულებების საკითხები. 

 

ნოსტალგია საქართველოზე

ჩემს მეორე შვილს, რომელიც ნორვეგიაში დაიბადა, ნინო დავარქვი. ძალიან მენატრებოდა ეს ქვეყანა და ყველასთან საქართველოზე მინდოდა საუბარი. ასეთი დამოკიდებულება არც ყარაბაღის მიმართ მქონია. რეალურად, ყარაბაღისგან გაუცხოებული ვარ, ბაქოში კი მშობლიური არაფერია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ათი წელი რომ იმუშაო ერთ ოფისში ადამიანებთან და საერთო ენა მაინც ვერ გამონახო, მაგრამ სულ ცოტა დროც კი საკმარისია იმისთვის, რომ სადღაც ძალიან ახლობელ ადამიანად იგრძნო თავი. ზუსტად ეს დამემართა საქართველოში. ვფიქრობდი, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი აქაურობას, თბილისი ჩემი ქალაქი გახდა. 

 

აზერბაიჯანში ყველაფერი სხვანაირია

იქ ყველა სერიოზული და მკაცრია. ადამიანები არ არიან თავისუფალი, ყველა სიმდიდრის დაგროვებისკენ მიისწრაფვის, არ იციან მხიარულება, ქალებსა და კაცებს შორის დღემდე დისტანცია არსებობს. განსაკუთრებით უფროს თაობაში თითქმის ვერ შეხვდებით ქალებსა და კაცებს ერთ სუფრასთან, რომლებიც ერთად ატარებენ დროს. აქ კი, სადაც არ უნდა მოვხვდე, სოფლებშიც კი, ერთად სხედან, ღვინოს წრუპავენ და საუბრობენ. მუსლიმური რელიგია კედელს აშენებს ადამიანებს შორის.  

თუმცა ბოლო 5-6 წელია აზერბაიჯანში ახალგაზრდული მოძრაობები დაიწყო, განსხვავებული სულისკვეთება იგრძნობა, სხვა გაგებით ცხოვრობენ, ერთმანეთს მხარს უჭერენ. 

 

როგორ მიიღეს აზერბაიჯანში “გოგონა ყარაბაღიდან?

აზერბაიჯანში ყველა ეგზემპლარი გაიყიდა. სულ 500 ცალი იყო, თუმცა იმ ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის კითხვის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, ვფიქრობ, კარგი შედეგია. შესაძლოა, ბევრმა იმიტომ იყიდა, რომ ენახათ, რას წერდა “საზოგადოების მტერი”. 

წიგნის მაღაზიათა ქსელის “ალი და ნინოს” გარდა [მისი ხელმძღვანელი ქალი არ არის ხელისუფლების მხარდამჭერი] წიგნი არცერთმა სხვა მაღაზიამ არ მიიღო. ზოგმა თავიდან აიღო და შემდეგ დააბრუნა.

რეცენზიებიც საკმაოდ ბევრი იყო პრესაში, მათი დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ნეგატიური, რადგან არსად იყო ნახსენები “მტრები” და “სომხეთი ოკუპანტია”. 

მეორე პრეტენზია, რომელიც ჩემ მიმართ ჰქონდათ, ეს იყო აზერბაიჯანული მენტალიტეტის “გაშავება”. საქმე ის არის, რომ ჩემს წიგნში გულწრფელად ვსაუბრობ საკუთარ მამაზე და ჩვენს ძალიან რთულ ურთიერთობებზე, რაც მკითხველმა აღიქვა აზერბაიჯანელი მამის სახის საყოველთაოდ დაკნინებად. 

მამასთან ბავშვობიდან იმდენად რთული ურთიერთობა მქონდა, რომ მისი სიკვიდლის წინ დედამ არც კი დამირეკა, იცოდა, რომ არ დაველაპარაკებოდი…

ყარაბაღში დაბრუნება

დედას ძალიან უნდა დაბრუნება. 30 წლის იყო, როდესაც დევნილობა მოუწია. დაბრუნება ჩემს ძმებსაც უნდათ. საერთოდ, ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც არ უნდა დაბრუნება. შესაძლოა, მხოლოდ მათ, ვინც ბაქოში ცხოვრობს და ფინანსურად შეძლებულია. დანარჩენი დევნილები კი, მათ შორის დედაჩემი, დევნილებისთვის აშენებულ უხარისხო ბინებში ცხოვრობენ და დასაკარგი, შეიძლება ითქვას, არც არაფერი აქვთ. თან ასაკთან ერთად ადამიანებს ნოსტალგია უჩნდებათ მშობლიური მხარის მიმართ.    

მე კი არასდროს დაბრუნდები იქ. შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ წავიდე და საბოლოოდ დავემშვიდობო.

მე ჩემს მომვალს საართველოში ვხედავ. ამას ყველგან ვამბობ. ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმაც იციან ეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი