ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, პრაიდის ჩანთის გამო მასზე ჰომოფობების ჯგუფმა იძალადა

5 ივლისი, 2021 • 1306
მოქალაქის თქმით, პრაიდის ჩანთის გამო მასზე ჰომოფობების ჯგუფმა იძალადა

მოქალაქე ნატალი ურიდია ამბობს, რომ თბილისში, რუსთაველის მეტროსთან ახლოს ჰომოფობიური აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ.

ნატალი ურიდიას თქმით, რუსთაველის ძეგლთან დედასთან ერთად იმყოფებოდა და ფიზიკური, ასევე, სტყვიერი შეურაცხყოფა დედასაც მიაყენეს.

მიზეზი, რის გამოც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ურიდიას თქმით, არის ჩანთა, რომელსაც თბილისის პრაიდი აწერია.

“ბიჭმა დამიყვირა, ჩანთა მოიხსენიო… უარი რომ ვუთხარი, დროზე მოიხსენი, თორემ ჩამოგაგლიჯავო. პლასტმასის ბოთლი მესროლა და ამის შემდეგ ყველა ერთად დამესია, ვიღაცამ ყურზე მომქაჩა, ვიღაცამ – ხელზე, ყველა ერთად დამესია”, – ამბობს მოქალაქე.

მისივე თქმით, მოძალადეებს თავი პოლიციის დახმარებით დააღწია. ის ამბობს, რომ ათეულობით ადამიანი ცდილობდა მასზე ძალადობას.

ამჟამად ნატალი ურიდია პოლიციაში იმყოფება და გამომძიებელს ჩვენებას აძლევს.

შსს-ს ცნობით, დღეს, 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა 55 ადამიანზე იძალადეს, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანი დააკავა, თუმცა სისხლის სამართლის წესით ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი