ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, მოძალადეებს “სირცხვილიას” ოფისი შეეშალათ და მის ბინაში შეიჭრნენ

5 ივლისი, 2021 •
მოქალაქის თქმით, მოძალადეებს “სირცხვილიას” ოფისი შეეშალათ და მის ბინაში შეიჭრნენ

მოქალაქე წერს, რომ ძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისი სახლი შეეშალათ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში  და ბინაში შეუვარდნენ.

“აი, ასეთი ამბავი იყო დღეს ჩემს სადარბაზოში და აივანთან. ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვდივარ. მეძინა და სადარბაზოში ჩოჩქოლმა გამაღვიძა. ინსტიქტურად კარები გავაღე, რა ხდება-მეთქი? კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ კარს და შემომიცვივდნენ ეს ორკები სახლში. დაირბინეს ბინა, ჩემი ყვირილის შემდეგ მიხვდნენ, რომ სხვაგან მოხვდნენ და გავარდნენ. ჩემი შვილი, ბავშვი პიჟამოში ახალგამოღვიძებული კანკალებდა: დედა, მიშველეო. დაამსხვრიეს ყველაფერი სადარბაზოში, ჩალეწეს სადარბაზოს კარი, დანგრეულია კიბეები. მოსვრილია სადარბაზო სისხლით. მერე გავიდნენ გარეთ და ქვები დაუშინეს ჩვენს აივანს. ჩემს ზევით არის სირცხვილიას ოფისი, თურმე და, როგორც მერე მივხვდი, მათ საცემრად მიუვარდნენ. ეს ნასროლი ქვა კინაღამ მოხვდა თავში ჩემს შვილს აივანზე. გამაგებინეთ, ეს ქვეყანაა??? გამაგებინეთ, საქართველოს მთავრობა, როგორ დაუშვით ეს? სპეცრაზმი ხომ გამოგყავთ მაშინ, როდესაც თქვენს პოლიტ. პრეფერენციებში შედის მომიტინგეების დასარბევად… როცა ამის საჭიროებაა მართლა, მაშინ რატომ არ გამოგყავთ ამ ველურების დასაოკებლად. როგორ მიეცით ამ მოძალადეებს ამის უფლება? როგორ?”,  – წერს მოქალაქე.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს და სხვა ორგანიზაციების  მიერ ორგანიზებული  ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 37 წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი