ახალი ამბები

ვგმობ ძალადობის ნებისმიერი სახით გამოვლინებას – ზურაბიშვილი

5 ივლისი, 2021 • 735
ვგმობ ძალადობის ნებისმიერი სახით გამოვლინებას  – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება დღეს, 5 ივლისს, განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინება.

“ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის ან გენდერული იდენტობის გამო. ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი!

მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.

“მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ, შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!

მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 37 წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი