ახალი ამბები

კლინიკებში, სულ მცირე, 8 ადამიანი გადაიყვანეს — სასწრაფო

5 ივლისი, 2021 • 707
კლინიკებში, სულ მცირე, 8 ადამიანი გადაიყვანეს — სასწრაფო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში, სულ მცირე, მედიის 8 წარმომადგენელია გადაყვანილი. ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები.

კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, “ნიუ ჰოსპიტალში” მედიის 4 წარმომადგენელი შეიყვანეს, მათ შორის, ერთს ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს და ოპერაცია უტარდება.

“აქციიდან ოთხი პირია მოყვანილი, მათგან ერთ ადამიანს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება და წასულია უკვე კლინიკიდან. ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის მოტეხილობით. საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტი ამჟამად კვლევის სტადიაშია”, — განაცხადა ბერიაშვილმა.

მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, 20 ჟურნალისტს დაესხნენ თავს

მასალების გადაბეჭდვის წესი