რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, დაზიანებულია მათი ტექნიკაც. თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რიცხვი, შეიძლება შეიცვალოს.
იმის გამო, რომ ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან, რამდენიმე ჟურნალისტი აქციიდან პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ “ფორმულას” ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს. ასევე, მოუწოდეს, დაეტოვებინა ტერიტორია. ფორმულას ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, სცემეს “ფორმულას” სხვა გადამღებ ჯგუფს — გიორგი გაბუნიას და ლექსო ხომასურიძეს. ნაცემია ჟურნალისტი რატი წვერავა.
როგორც ნეტგაზეთს “ტვ პირველის” პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ განუცხადა, დაშავებულია მათი 2 ჟურნალისტი და 2 ოპერატორი. მისივე თქმით, დაზიანებულია სამაუწყებლო აპარატურა, რის გამოც ადგილიდან სიგნალები გაეთიშათ. ასევე ნაცემია ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა.
შერაცხყოფა მიააყენეს და ორი კამერა დაუმტვრიეს “რუსთავის 2-ის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მათ შორის არიან: მარიამ ქუმსიშვილი – ჟურნალისტი, მარიკა გოცირიძე – ჟურნალისტი, გიორგი პერტია – ჟურნალისტი, სალომე ბოკუჩავა – ჟურნალისტი, შოთა სიკინჭალაშვილი – ოპერატორი, ზურა მანაგაძე – ოპერატორი, ბექა ათაბეგაშვილი – ოპერატორი.
“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას, განცხადებით, დაზიანებები აქვთ მიღებული: დეა მამისეიშვილს, ირაკლი ბახტაძეს, ნინო გაზდელიანს, დათუნა ახალაძეს, ანრი ჯოხარიძეს, ქეთა ციცქიშვილს და თორნიკე ბარნაბიშვილს.
ფიზიკურად გაუსწორდნენ “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას. ადგილზე მუშაობის საშუალება არ მიეცათ ნეტგაზეთის და On.ge-ს ჟურნალისტებს.
ასევე ნაცემია პალიტრანიუსის ოპერატორი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, დაზიანებულია ტელეარხის ვიდეოკამერა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმციით, თავს ასევე დაესხნენ მაუწყებლის ოპერატორს, ილია თვალიაშვილს.
რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ მათ გადამღებ ჯგუფს.
თავდასხმის შედეგად ჟურნალისტს ჩამსხვრეული აქვს კბილები და ის ამ წუთებში სამედიცინო დახმარების მიღებას ელოდება. ასევე ნაცემია ოპერატორიც, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
ჯერჯერობით შსს-ში არ გვეუბნებიან, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე თავდასხმის გამო.
მასალა ახლდება.
მთავარ ფოტოზე: ტვ პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა და ფორმულას ჟურნალისტი რატი წვერავა.