ახალი ამბები

“ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი” — ჩარკვიანი ოპოზიციას მიმართავს

5 ივლისი, 2021 • 2224
“ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი” — ჩარკვიანი ოპოზიციას მიმართავს

დეპუტატი თამარ ჩარკვიანი ეხმაურება რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და დასავლელ პარტნიორებს და ელჩებს მიმართავს.

როგორც ჩარკვიანი წერს, “ეს არის რუსეთის ინტერესებზე მომუშავე საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელოვნურად წახალისებული საქართველოს სახელმწიფოს მიმართ რუსეთის მიერ მართული პროვოკაცია, რადგან მოსახლეობის აზრი გაცხადებულია — ორჯერ რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობას გაცხადებული აქვს საკუთარი არჩევანი დასავლური კურსის სასარგებლოდ”.

“ეს ხელისუფლება, მათ მიერ წახალისებული ჯგუფებით, ახლა ხელოვნურად აჩვენებენ დასავლეთს, რომ თითქოს საქართველო არ არის მზად ნატოში ინტეგრირებისთვის. ლგბტ თემა ხელოვნურად არის გამოყენებული, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ყველას (ორივე მხარეს) აქვს უფლება აზრის და პოზიციის გამოხატვისა, მაგრამ არა ამ კრიმინალური ფორმით, რომელსაც ხელისუფლება ახალისებს! ეს გეგმაა და მცდელობა საქართველოს რუსეთზე გადაბარებისა! უმორჩილესად გთხოვთ მეგობარ ელჩებს, დიპლომატიურ კორპუსს, (მე მისაუბრია თქვენთან ამ მოსალოდნელ საშიშროებაზე — რუსეთის მიერ მართული პროცესის საშიშროებაზე), არ მიატოვოთ თქვენი მეგობარი საქართველო, ის კარგი პარტნიორი იქნება მსოფლიო მეგობრობისთვის”, — წერს ჩარკვიანი.

თამარ ჩარკვიანი ოპოზიციასაც მიმართავს: “ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი! ეს საკანონმდებლო ორგანო არ არის”, — წერს იგი.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი