ახალი ამბები

ჩარკვიანი ადასტურებს, რომ გიორგობიანთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მისი ძმისშვილიც ფიგურირებს

5 ნოემბერი, 2025 •
ჩარკვიანი ადასტურებს, რომ გიორგობიანთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მისი ძმისშვილიც ფიგურირებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი ადასტურებს, რომ სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ჯგუფური ძალადობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მისი ძმისშვილი ჯანსუღ (ჯაკო) ჩარკვიანია.

საუბარია საქმეზე, რომლის გამოც დაკავებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა (მანჩო) გიორგობიანი.

„[ჯაკოს] გარდაცვლილი მეგობრის დედამ [მანჩო გიორგობიანმა] დაურეკა, მცემენო. [შსს-ს მიერ] გავრცელებულ ვიდეოში არის ყველაფერი, ისმის, ეს ქალი [მანჩო გიორგობიანი] რომ ყვირის, დავურეკავო. როგორც მე გავიგე, დაურეკა. ეს ქალი მანამდე ჩხუბობს და შემდეგ, როგორც ჩანს, ურეკავს- მცემენ, მომეშველეო. ძალიან მეცოდება ჯაკო, ძალიან კარგი ბიჭია, როგორ აგიხსნათ, ძალიან მებრალება. მკვდარი ამხანაგის დედა რომ დაგირეკავს, მცემენო, ალბათ, ჩახვალ“, – განუცხადა TV პირველს თაკო ჩარკვიანმა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა (მანჩო) გიორგობიანი დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მანჩო გიორგობიანი 9-წლიანი მუხლით დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი