საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანიები განცხადებას ავრცელებენ.
როგორც „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ აცხადებენ, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას.
„დღეს რამდენი ჟურნალისტი, რამდენი ოპერატორია დაზარალებული და სასტიკად ნაცემი — თვლაც კი გვიჭირს ჩვენ. ვფიქრობ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, ჩვენ თვითონვე დავიცვათ ჩვენი გადამღები ჯგუფები და განვარიდოთ ადგილს. დღეს ჩვენი ჟურნალისტებისა და გადამღები ჯგუფების სიცოცხლე დაცული არაა“, — აცხადებს „ტვ პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი.
მთავრობის ქმედებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს „ფორმულას“ დირექტორი ზუკა გუმბარიძე. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ მოიმოქმედოს ყველაფერი, რათა ჟურნალისტთა უსაფრთხოება დაიცვან. ის ასევე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოსაც.
ამ ორი ტელეკომპანიის სიტყვებს უერთდება „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამიაც. ის ამატებს, რომ პოლიციის რაოდენობა ისეთი მცირეა, რომ ამგვარ ძალადობას ვერ გაუმკლავდებოდნენ — „პოლიცია არ იქცევა პრევენციისთვის“.
5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს, ასევე დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.
შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.