“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სოზაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის აქტივისტები უსაფრთხოდ არიან და უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ განცხადებას.
“თბილისი პრაიდის გუნდმა მოძალადეების გამოჩენამდე დატოვა “სირცხვილიას” ოფისი. უსაფრთხოდ ვართ. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას ჩვენს გეგმებზე”, — წერს სოზაშვილი.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი სამიზნე სწორედ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი გახდა. აღნიშნული მოძრაობა პრაიდის კვირეულისა და ღირსების მარშის ორგანიზებაშია ჩართული. ოფისში შეჭრის მცდელობისას ჩაიმსხვრა მინები.
ამავე ინციდენტისას ჰომოფობიური ჯგუფების წევრები თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ ოპერატორსა და ჟურნალისტს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებთან კონტაქტი შეწყდა, რადგან გადამღები მოწყობილობა და მობილური ტელეფონები შეჭრისას დააზიანეს.
ზემოხსენებული ჯგუფები რუსთაველზე დილიდან იკრიბებიან. მათ სურთ ღირსების მარშის ჩაშლა, რომელიც თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი.
ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევიან. ბოლო ინფორმაციით, მათი თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა, შეიძლება შეიცვალოს. დაზიანებულია მათი ტექნიკაც. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება პირი ჟურნალისტებს მოპედით.
სანამ მედიაზე იძალადებდნენ , ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები პარლამენტის წინ.