ახალი ამბები

აცრაზე რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს, კოვიდ-სტატისტიკა არ განახლებულა

4 ივლისი, 2021 • 1941
აცრაზე რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს, კოვიდ-სტატისტიკა არ განახლებულა

პორტალზე booking.mov.gov.ge ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს.

დღეს, 4 ივლისს საიტმა მუშაობა განაახლა, თუმცა შეფერხებებით. იმისათვის რომ მოქალაქემ რეგისტრაცია გაიაროს, ხანგრძლივი ლოდინია საჭირო. თითოეული საფეხურის გავლას საშუალოდ 10-15 წუთი სჭირდება. მოქალაქეთა ნაწილმა კი არაერთი მცდელობის მიუხედავად ჯავშნის კოდი ვერ მიიღო.

“სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისის 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმუნიზაციის პორტალი booking.mov.gov.ge, რომლის მეშვეობითაც მოქალაქემ შესაბამისი დოზა უნდა დაჯავშნოს, გაითიშა. ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებელს ხვდებოდა ტექსტი: “გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის”.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევა განხორციელდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებასა და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, ტექნიკური ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერ-ჯერობით ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა.

ასევე, არ განახლებულა კოვიდის დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ აქვთ ინფორმაცია, როდის განახლდება სტატისტიკა.

დაზიანება კომპლექსური აღმოჩნდა და ხარვეზის აღმოფხვრა ჯერ ვერ მოხერხდა — გაბუნია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი