საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მოსამართლეთა შერჩევაზე საუბრისას ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა მანამდე გაკეთებული განცხადება შესრულდეს.
თუმცა, ის დამატებით დეტალებზე არ დაკონკრეტებულა.
დღეს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეხვედრაა. მას პოლიტიკოსებიც ესწრებიან. შეხვედრამდე ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს, თუ მიიღო მან რაიმე გზავნილი კელი დეგნანისგან, მათ შორის, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
„მე გზავნილებს არ ვიღებ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართული ამ პროცესებში, აუცილებელია, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ და გაკეთდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ გავალთ ამ პროცესის ბოლოს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თავად აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა, მანამდე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის გაგრძელება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებასთან თანხვედრაში არ არის.
სამუშაო ჯგუფმა დღეს დაადგინა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დოკუმენტაცია კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და 6 ივლისიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყება.
იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა