ნეტგაზეთი | კელი დეგნანი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციის გადადებისკენ მოუწოდებს კელი დეგნანი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციის გადადებისკენ მოუწოდებს – Netgazeti
Batumelebi | RU

კელი დეგნანი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციის გადადებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის გაგრძელება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებასთან თანხვედრაში არ არის.

მისი თქმით, დანიშვნები რეფორმირებული სასამართლო სისტემის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.

“არაა გასაკვირი, რომ სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობები. ეს არის დებატების თემა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ეს ნამდვილად იყო 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტიც. ვფიქრობ, ქართველებს ახსოვთ 1990-იანები, ჯერ კიდევ არიან სპეციალური ინტერესები, რომლებსაც არ სურთ უფრო დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოში. აშშ საქართველოსთან დიდხანს მუშაობდა სასამართლოს გაძლიერებისთვის და ვნახეთ, რომ არიან ბევრი კარგი პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, ვისაც უნდათ კანონის აღსრულება ეთიკურად, პოლიტიკური ჩარევის გარეშე. ვნახეთ კარგი პროგრესი სასამართლო რეფორმის პირველი და მეორე ტალღის ფარგლებში. ზოგი მნიშვნელოვანი ელემენტი მეოთხე და მესამე ტალღისთვის არ შევიდა კანონის საბოლოო ვერსიაში, ეს იმედგაცრუება იყო. მაგრამ ვნახეთ, რომ არის ინტერესი შეთანხმების იმპლემენტაციაში და მოლაპარაკების სურვილი. ეს პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება. საქართველო ამაზე 20 წელია მუშაობს და კიდევ არის სამუშაო”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, კელი დეგნანი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია გადადოს.

“აშშ მზადაა, ისევე როგორც წარსულში, მხარი დაუჭიროს საქართველოს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა არ მოდის თანხვედრაში 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებასთან, რომლის ფარგლებშიც პარტიები დათანხმდნენ მნიშვნელოვან რეფორმებზე უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის, დანიშვნის და დაწინაურების საკითხში, ისევე, როგორც უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის საკითხში. ეს დანიშვნები უნდა გაკეთდეს ახალი, რეფორმირებული სისტემის ფარგლებში, რომელიც იქნება მხარეების დებატების შემდეგ. ამიტომ მოვუწოდებთ საბჭოს, გადადოს შეხვედრა ივლისამდე. ბევრი დრო იქნება რეფორმების გასატარებლად. ამისკენ მოვუწოდებთ. იმედი გვაქვს, საბჭო ამას გაითვალისწინებს”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა.

კონფერენციაზე შერჩეულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია უნდა ჩაანაცვლონ, რომლებსაც ივნისის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კონფერენცია მაქსიმალურად ადრე დაინიშნა და ამის მიზანია, სასამართლო სისტემაში არსებულმა გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი