ახალი ამბები

“სინოფარმის” ახალ დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან დაიწყება

2 ივლისი, 2021 • 1020
“სინოფარმის” ახალ დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან დაიწყება

სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან, ვაქცინაცია კი 5 ივლისიდან დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, თავდაპირველად ჯავშნის ფანჯრები ორკვირიან პერიოდზე გაიხსნება, რის შემდეგაც უკვე “სინოვაკის” წარმოების ვაქცინებზე დაიწყება რეგისტრაცია:

“დღეს ყველა ეს დოზები უკვე დაბინავებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ნაწილის დისტრიბუცია დღეს უკვე ხდება ქუთაისში, საიდანაც დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველო მომარაგდება, რათა ყველა ამცრელ დაწესებულებას ჰქონდეს შესაბამისი ზომები. აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია კი ჩვენი საწყობიდან მოხდება.

ვიწყებთ “სინოფარმით” აცრებს ორშაბათიდან. ხვალიდან გაიხსნება რეგისტრაცია “სინოფარმზე” მომავალი 2 კვირის განმავლობაში. დავაკვირდებით აქტივობას, რამდენიმე დღის შემდეგ კი “სინოვაკით” და გაგრძელდება აცრები 10-12 კვირიდან ასტრაზენეკათი.

COVID-19 ჩინური წარმოების ვაქცინების “სინოფარმის” და “სინოვაკის”  1 მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

ვაქცინების ტრანსპორტირება Metro Logistics-მა ჩინეთიდან საქართველომდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით უზრუნველყო.

შემდეგი დოზების თაობაზე ჩამოსვლასთან დაკავშირებით კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დამატებით ნახევარი მილიონი დოზა “სონოფარმის” და ნახევარი მილიონი დოზა “სინოვაკის” ვაქცინებს საქართველო რამდენიმე კვირაში ელოდება.

“ამას გარდა, “ფაიზერთან” გაფორმებულია კონტრაქტი მილიონ დოზაზე და ფული გადახდილი გვაქვს. “ფაიზერი” მოწოდებას ეტაპობრივად დაიწყებს ივლისიდან. ჯამში, წლის ბოლომდე ველოდებით 4 მილიონამდე დოზას, რაც საშუალებას გვაძლევს, ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას წლის ბოლომდე”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი