პროკურატურამ წყალტუბოში მომხდარი ავარიის საქმეზე ორ პირს წარუდგინა ბრალდება, მათ შორის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ავარია 2020 წლის 28 ნოემბერს მოხდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთში, ავტომაგისტრალზე მოხდა.
გამოძიების თანახმად, ავტომობილის საჭესთან შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იჯდა.
ბრალდების თანახმად, მან:
- „ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა,
- დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და
- საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის გამო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ სატვირთო ფურგონს შეეჯახა“.
შეჯახების შედეგად ფურგონში მყოფი მოქალაქე გარდაიცვალა.
გამოძიების თანახმადვე, რომ ავტომაგისტრალზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებისას, კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესები დაარღვია, რაც ასევე გახდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი“.
პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მეორე ბრალდებულს კი 2-დან 7 წლამდე პატიმრობა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიება გრძელდება.