ახალი ამბები | ,

მივიღებთ შესაბამის ზომებს 1 ივლისს “პრაიდის” ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად — შსს

1 ივლისი, 2021 | | 452
მივიღებთ შესაბამის ზომებს 1 ივლისს “პრაიდის” ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში პირველ ივლისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უწყება მიიღებს შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ დღეს დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას პირველ ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, — აცხადებს შსს.

სამინისტროს ცნობით, შსს-ს წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ღონისძიების ორგანიზატორებთან. დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით კი დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც.

1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, დღეს “თბილისი პრაიდის” ფარგლებში კინოჩვენებაა დაგეგმილი. მისი განმარტებით შსს-ს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ღონისძიების დასაცავად უწყება ყველაფერს გააკეთებს.

“ვიცით, რომ კონკრეტული პერიმეტრს გააკონტროლებენ (შსს-ს წარმომადგენლები), დანარჩენი დეტალები კონტრაქციის მასშტაბებზეც არის დამოკიდებული”, — განაცხადა თაბაგარმა “ნეტგაზეთთან”.

ამასთან, მისი თქმით, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და უწყებისგან აქვთ პირობა, რომ კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დაცვის მიზნითაც შესაბამის ზომებ მიიღებენ.

5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში “ღირსების მარში” გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები “პრაიდის” ჩაშლით იმუქრებიან. თაბაგარის თქმით, “ღირსების მარში” მეტ გამოწვევებს შეიცავს, ამიტომ შსს-სთან ამ დღის უსაფრთხოებაზე მსჯელობა კიდევ გრძელდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხელისუფლებას ღონისძიების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამავე მოწოდებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 28 ევროპარლამენტარმა, რომელთა წერილიც 28 ივნისს გავრცელდა.

პარალელურად, მმართველი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ამ ღონისძიების ჩატარება. მათ შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პრაიდის საწინააღმდეგო განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც გაავრცელა.

პრაიდი დაბრკოლებების, მუქარების, დაუცველობის ფონზე

“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა”, — აცხადებენ აქტივისტები, რომელთაც ზემოხსენებული კვირეულის აღნიშვნა სურთ.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე.

თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

2019 წელს თბილისში პირველად დაიგეგმა ლგბტ პრაიდის კვირეული, რომელიც მაშინაც “ღირსების მარშით” უნდა დაგვირგვინებულიყო ქალაქის რომელიმე ქუჩაზე.

პარტიზანული “ღირსების მარში“ შსს-სთან. 08.07.2019 ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ორგანიზატორებს იმთავითვე ჰქონდათ კომუნიკაცია შსს-სთან, რომელმაც, როგორც ისინი ამბობდნენ, ჯერ დახურულ სივრცეში ურჩია აქტივისტებს მარშის ჩატარება, შემდეგ კი საერთოდ ვერ მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები.

ამავე პერიოდში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა პრაიდის ჩატარება თბილისში. ჰომოფობიური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი თქვა, რომ თბილისი პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნიდა.

საბოლოოდ, გარანტიების არარსებობის ფონზე, თბილისის პრაიდის აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გამართეს პარტიზანული მარში, სადაც პროცესებზე პასუხისმგებლობა გახარიას დააკისრეს. აქციაზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი ჩანდა იმ ფონზე, როცა აშკარა იყო მუქარები რადიკალთა მხრიდან.

ამ მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ, უცნობია, მოახერხებენ თუ არა ორგანიზატორები პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი